პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის თაობაზე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„საკითხი ძალიან მგძნობიარეა, რომელიც ფართო და სერიოზულ მსჯელობას იმსახურებს, მათ შორის მთავრობაში, პარლამენტსა და სამხედრო ექსპერტებში.
თავდაცვის მინისტრი პოლიტიკურ ხელთათმანს ისვრის - რომ თუ აღნიშნული პოლიტიკური ბრძანება შემდგომ მინისტრს არ მოეწონება, მან გააუქმოს.
მას მინისტრობის ორი კვირა დარჩა და ასეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას იღებს და ამბობს: მომავალ მინისტრს თუ არ მოეწონება, გააუქმოს. ეს არ არის სწორი ქმედება, მით უფრო, რომ შეთანხმებული არ ყოფილა არც პრეზიდენტთან, არც უშიშროების საბჭოსთან, არც პრემიერთან და არც თავდაცვის კომიტეტთან. ის ამბობდა, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა არ სურდა, ჩვენ ყველანი ვამბობდით, რომ საჭირო იყო", - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.