საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივით და ორგანიზებით საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა შედგა.
საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საქართველოს საპატრიაქროს წარმომადგენელი ინტერრლიგიურ საბჭოში, პროფესორი თეა გოგოტიშვილი.
შეხვედრაზე განიხილებოდა სახელმწიფო-საეკლესიო ურთიერთობებისა და ინტერრელიგიური დიალოგის მნიშვნელოვანი საკითხები. მომხსენებლებმა სტუმრებს გაუზიარეს ხედვები რელიგიური გაერთიანებების სტატუსის, რესტიტუციის, სახელმწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებებს შორის ფინანსური ურთიერთობების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
დადებითად შეფასდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა, რომელიც გულისხმობს რესტიტუციის განხორციელებას ყველა დაზარალებულ რელიგიურ ორგანიზაციასთან მიმართებაში.
ინტერრელიგიურ დიალოგსა და სახელმწიფო საეკლესიო ურთიერთოებებზე მოხსენებებით წარდგნენ საქართველოს საპატრიაქროს წარმომადგენელი ინტერრლიგიურ საბჭოში, პროფესორი თეა გოგოტიშვილი და არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი „21-ე საუკუნის“ გამგეობის თავმჯდომარე პაატა გაჩეჩილაძე.
მხარეთა მიერ გამოითქვა თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად დაისახა გზები.