ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც სახლში იმყოფებიან, სავარაუდოდ, სისხლის საერთო და თრომბოემბოლიასთან დაკავშირებული ანალიზები ჩაუტარდებათ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საკითხზე დღეს პრემიერ-მინისტრთან მსჯელობა გაიმართა.
„ამ ეტაპზე ბინაზე დარჩენილების რამე სპეციალური მკურნალობა არ ხდება.
თუ მათ აქვთ ქრონიკული დაავადება, რომელსაც მანამდეც მკურნალობდნენ, აგრძელებენ ამ პროცესს, მაგრამ კოვიდის სპეციფიკური მკურნალობა ბინაზე არ ტარდება, თუ ვინმეს სჭირდება მისი სპეციფიკური მკურნალობა, ასეთი პაციენტები ჰოსპიტალში მიჰყავთ.
ახლა შეიძლება განხორციელდეს ღონისძება, რაც არ ხდება არც ერთ სხვა ქვეყანაში.
დღეს იყო პრემიერთან მსჯელობა, რომ გამოკვლევის რაღაც მინიმალური პაკეტი, იქნება ეს სისხლის საერთო ანალიზი ან ე.წ. დედიმერი, რომელიც არის ასევე სისხლის ანალიზი და არის თრომბოემბოლიური გართულების რისკის მარკერი, რადგან ასეთი გართულება კოვიდისთვის ძალიან დამახასიათებელია, მათ შორის უსიმპტომო პაციენტებშიც.
იყო ერთი-ორი სიგნალი ამ მხრივ სახლში დატოვებული პაციენტებიდან, ეს სიგნალები რომ არ გახდეს უფრო ხშირი და არ შეიქმნას ისეთი პრეცენტენდი, როგორიც არის უცხოეთში, როდესაც უსიმპტომო პაციენტებშიც დიდი დანაკარგია, ამიტომ მუშავდება საკითხი, რომ სახლში დატოვებული პაციენტების იმ ნაწილს, ვისაც აქვს სულ მცირე რისკფაქტორი, ყველა მათგანს ჩაუტარდება ამ პაკეტით გათვალისწინებული ანალიზები, რაც იქნება იმის გარანტია, რომ მას გართულება არ განუვითარდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.