სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან მოსკოვში შეხვედრისთვის მზაობას გამოთქვამს.
„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს. სამწუხაროდ, აზერბაიჯანი ამ მოსაზრებას არ იზიარებს. მზად ვარ ძალისხმევა არ დავიშურო ამ შედეგის მისაღწევად, მათ შორის მოსკოვში გავემგზავრო და ილჰამ ალიევს შევხვდე.
თუ არ იქნება მეორე მხრიდან მზაობა, მთიან ყარაბაღში ჩვენი თანამემამულეების უფლებების დასაცავად ბოლომდე საბრძოლველად მზად ვართ“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
კითხვაზე, მზად არის თუ არა ის მთიანი ყარაბაღის გარშემო შვიდი რაიონის აზერბაიჯანისთვის გადასაცემად ყარაბაღის საბოლოო სტატუსის განსაზღვრამდე, ლაჩინის დერეფნის სომხეთის მხარეს შენარჩუნების უფლებით, ფაშინიანი ასე პასუხობს: „მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევის უფლება, სტატუსი, ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს“.