„პანდემიასთან ბრძოლაში პირველი მტერი არის პანიკა, ამიტომ თითოეულმა ჩვენთაგანმა პანიკა და შიში უნდა მოვხსნათ“, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა პრემიერ-მინისტრისა და კლინიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირება არ ნიშნავს, რომ პაციენტს აუცილებლად ჰოსპიტალზიაცია სჭირდება.
"ეპიდემია და პანდემია არ დაწყებულა დღეს, არც დღეს დამთავრდება, ვინაიდან, რაც სამყარო გაჩნდა სულ არსებობდა მაკრო და მიკრო ორგანიზმებს შორის ბრძოლა, ამ ორგანიზმებს შორის ბრძოლაში ყოველთვის ადამიანი იმარჯვებდა.
პანდემიასთან ბრძოლაში პირველი მტერი არის პანიკა, ამიტომ თითოეულმა ჩვენთაგანმა პანიკა და შიში უნდა მოვხსნათ.
ძალიან კარგად ვიცით, რა გააკეთეს სახელმწიფოებმა კოვიდთან ბრძოლაში, მაგრამ სამწუხაროდ, სულ ვამბობდით, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა.
საბედნიეროდ, კოვიდთან მიმართებით ინფიცირების გადადება არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ჰოსპიტალიზაცია გვჭირდება.
ამიტომ ერთი სლოგანი უნდა შემოვიღოთ - "დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც მკურნალობა სჭირდება".
დანარჩენი ადამიანებისთვის, ვისაც თუნდაც მცირე სიმპტომით აქვს ვირუსი გამოხატული, ჩვენმა სახელმწიფომ და ჯანდაცვის სისტემამ შექმნა შინ მკურნალობის პროტოკოლი, რის საფუძველზე ყველა მათგანი მიიღებს იმ სამკურნალო საშუალებებით მოვლა-მზრუნველობას, რაც მოწოდებულია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში", -განაცხადა რატიანმა.