„არავითარი პრობლემა არ არსებობს იმისა, რომ ყველა პაციენტი, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ამ მხრივ პრობლემა შეექმნას“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირების შემთხვევების მატება მოსალოდნელი იყო და ისევ წარმატებით მართვა გამოიხატება იმაში, რომ ისევ ისე დაბალია სიკვდილობა.
ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა იმაზე უკეთ მართავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ვიდრე პანდემიის დასაწყისში.
„არც ერთ პაციენტს არ უგვიანდება ტესტირება, პასუხი, ყველა პაციენტი შედის ექიმთან კონტაქტში.
თუ ერთეული შემთხვევები არის და ამაზე მახვილდება ყურადღება, ზოგჯერ თავად პაციენტის,ზოგჯერ ჟურნალისტის, ზოგჯერ უბრალოდ ანგაჟირებული და ტენდენციური ადამიანების მხრიდან, დამიჯერეთ, ასეთი შემთხვევები გამონაკლისია, ერთეულია და ამ ერთეული შემთხვევის განზოგადება არ უნდა მოხდეს, რათა საზოგადოებაში მცდარი აზრი არ შეიქმნას, თითქოს ქვეყანა ცუდად უმკლავდება კოვიდპანდემიას.
პირიქით, ვიტყოდი, ახლა უფრო კარგად უმკლავდება, ვიდრე დასაწყისში.
მაშინ თუ უფრო ადვილი იყო მართვა, რადგან შემთხვევების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო, თანაც მაშინ ქვეყანა მკაცრ შეზღუდვებზე, ჩაკეტვებზე, ლოქდაუნზე წავიდა.
ისევე როგორც ევროპის ყველა ქვეყანა.
ამან თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ ახლა ლოქდაუნის გარეშე ყოველდღე ათასობით პაციენტის მართვა ისე, რომ პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, გაცილებით რთულია, ვიდრე გაზაფხულზე იყო“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.