ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სულხან მოლაშვილის გარდაცვალების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
„ვუსამძიმრებ სულხან მოლაშვილის ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას. გული ძალიან დამწყდა. კონტროლის პალატის თავმჯდომარეობის პერიოდში გავიცანი. კარგი რესპონდენტი იყო. ერთერთი პირველი ვიყავი, ვისაც უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ დაურეკა, ციხის რესპუბლიკური საავადმყოფიდან გამოსვლის შემდეგ. კაკაბაძე მოლაშვილის ნაწამები სხეულის ნახვის შემდგომ შოკირებული იყო. ნანამ მითხრა, როცა სანახავად შევედი, სულხანმა მითხრა, კარგად ვარო. ვისაუბრეთ. ბოლოს, გამოსვლისას უკან მივტრიალდი და ვუთხარი, მაისური აიწიემეთქი. გაუკვირდა. მერე შარვალი ავაწევინე და საშინელ მდგომარეობაში ჩავარდნილი ფეხები რომ დავინახე, შოკი მივიღეო. სწორედ კაკაბაძემ გაავრცელა მოლაშვილის ის ცნობილი ფოტოებიც, რომელზეც კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის წამება თვალნათელია.
როგორც კი მოლაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, კიდევ ერთხელ გამახსენდა ის სასამართლო პროცესი და მთელი ის ბატალიები, რაც მოლაშვილის გასამართლებას და მის პოლიტპატიმრად აღიარებას, ბოლოს - პატრიარქთან შეხვედრას ახლდა. გული საშინლად მიმძიმს, რადგანაც სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა შორის კიდევ ერთმა დატოვა ეს ქვეყანა; თან დატოვა ისე, რომ ვერ მოესწრო მისი მწამებლების დასჯას და სამართალს, რასაც ასე ელოდა.
ყველაფერი შეიძლება გაიგოს ადამიანმა, მაგრამ მწამებელთან კოაბიტაცია?.. გულწრფელად მაინტერესებს, ამდენი ამბიციური და მაღალკვალიფიციური იურისტის პირობებში, რის ნაკლებობასაც ჩვენი ქვეყანა და თავად ხელისუფლება ნამდვილად არ განიცდის, რატომ ვერ მოხერხდა, რომ მთელ რიგ საქმეებზე დროულად მომხდარიყო სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსანთა პასუხისგებაში მიცემა. საზოგადოების დიდი ნაწილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ელოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დამნაშავე ძალად გამოცხადდებოდა და მინიმუმ რამდენიმე წლით მაინც პოლიტიკური საქმიანობა აეკრძალებოდა. სამწუხაროდ, დასავლეთის აქტიური მოთხოვნით ძალიან ბევრი უდანაშაულო ქართველის სისხლი და ცრემლი შერჩათ წინა ხელისუფლების გავლენიან ფიგურებს, მათ იდეოლოგებს და ა.შ." - ნათქვამია შალვა ხაჭაპურიძის განცხადებაში.