16 წლის ილია ჯიშკარიანი „ოდიშის“ ოპერატორია, რომელმაც ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის გადაღება პირველმა დაიწყო. ის „ბათუმელებთან“ იხსენებს, რომ როცა სროლის ხმა გაიგო, ამ დროს ჟურნალისტთან ერთად ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩაზე ხალხის გამოკითხვას იწერდა.
„გავიგონეთ სროლის ხმა და გავიქეცით. ვიფიქრე, რა ხდება-მეთქი, შტატივი არ მქონდა ისედაც წამოღებული“, – გვიყვება ილია ჯიშკარიანი, რომელიც არ დაჭრილა და მხოლოდ მსუბუქი დაზიანება მიიღო. – „მივედი და ძალიან ცუდი სიტუაცია იყო უკვე იქ, ბანკს ძარცვავენო, გავიგე.
ბანკის პირველ სართულზე იყვნენ ამ დროს, იატაკზე ჰყავდა დაწვენილი ადამიანები… ნიღბიანი კაცი დავინახე ჯარისკაცის ფორმაში ჩაცმული, მიდი-მოდიოდა… დაახლოებით სამი წუთი ვიღებდი და მივხვდი, რომ დამინახა, შემხედა და ორჯერ დამიზნებით მესროლა.
არ ვიცი, რა ვიგრძენი. როგორია, ვიღაც გიმიზნებს და გესვრის, ვერაფერზე ვერ ვფიქრობდი… ჟურნალისტმა გაქცევა მოასწრო ამ დროს, მე კამერას დავტაცე ხელი და მანქანას ამოვეფარე. პოლიციელებიც იქვე იყვნენ, გამოდი, ბიჭო, გამოდიო, ყვიროდნენ… პარკის მხარეს გამომიყვანეს, მერე ხეს ამოვეფარე და ისევ ვიღებდი, არ შემიწყვეტია მე გადაღება… მერე მივხვდი, რომ ცოტა ზურგი მეწვოდა… ნაკაწრები მქონდა, როგორც ჩანს, რეზინის ტყვია მომხვდა… არ ვიცი, როგორ და საიდან, რასაც ვხედავდი, AKM-ის სისტემის იარაღი დამიმიზნა და მესროლა… ამ დროს სხვა ოპერატორები და ჟურნალისტებიც მოვიდნენ.
გამოძიებას ჯერ არ დავუკითხივარ, ახლა თავს კარგად ვგრძნობ და კიდევ უფრო შემიყვარდა ჩემი პროფესია,“ – ამბობს ილია ჯიშკარიანი.