თბილისის მერიამ 300 ერთეული „FORD“-ის მარკის მიკროავტობუსი შეისყიდა, რომელიც კომპანია თბილისის მიკროავტობუსს იჯარით გადაეცემა.
როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ თბილისის ავტობუსების ახალი ქსელის წარადგენაზე განაცხადა, მიმდინარეობს 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნის მოწყობა. პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი და მისი მკვებავი საქალაქო და საუბნო მარშრუტები მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს ამოქმედდება.
მისივე თქმით, ახალი საავტობუსე ქსელის გაშვებით, საშუალო მოცდის დრო შემცირდება 7 წუთამდე, ხოლო ავტობუსებში მგზავრთა ტევადობა გაიზრდება 2.5-ჯერ.
ამასთან, ახალ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებში და მიკროავტობუსებში თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათის საშუალებით, მგზავრობის დასაწყისშივე. ახალი მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება იქნება ფიქსირებული, რითიც მოხდება მარშრუტზე მოძრაობის გრაფიკიდან
გადაცდომის და მგზავრის ფეხზე დგომის პრევენცია.