„მცდელობა რევოლუციური სცენარის გასათამაშებლად იქნება და არც თუ მცირე დოზით!“, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციის ნაწილი, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტად ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უმართავი, კრიმინალის დონე კი ძალიან გაზრდილია, რაც ექსპერტის თქმით, სინამდვილეს არ შეესაბამება.
„პოლიტიკური ვა-ბანკი თუ რევოლუცია?
არჩევნებამდე ფაქტიურად ერთი კვირით ადრე, საზოგადოებრივი პოლარიზაცია სულ უფრო მზარდ ხასიათს იღებს. ოპოზიციის დიდი ნაწილის სტრატეგია მთლიანად ხელისუფლების დემონიზაციის მცდელობაზეა აგებული. ის რაც ჩვენ თუნდაც ზუგდიდში ბანკის დაყაჩაღების კრიმინალურ ქრონიკაში ვნახეთ, ოპოზიციის მხარდამჭერი მედია საშუალებების გაშუქებით, სწორედ ამაზე მიუთითებს.
ყველა თემის ნეგატიურ პრიზმაში გადატანა, კოვიდ სიტუაციის და კრიმინალური ფონის ხელოვნურად დამძიმებით, ემსახურება ერთ მიზანს-არჩევნების წინ მაქსიმალურად მოხდეს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სიტუაციის ხელისუფლებაზე გადაბრალება!
ოპოზიცია უკვე ღიად აანონსებს, რომ ის არ შეეგუება ხელისუფლების არჩევნებში გამარჯვებას და უალტერნატივოდ წინასწარ აცხადებს ოპოზიციის გამარჯვებას. IPSOS კვლევების ირგვლივ გახშირებული დისკუსიები და ინტერპრეტაციებიც ამას ემსახურება.
ამ ტიპის პოლიტიკური რადიკალიზაცია კი ნიშნავს ერთ რამეს, 31 ოქტომბერს გარდა ოპოზიციისათვის მისაღები შედეგის დადგომისა, დაიწყება საპროტესტო გამოსვლების ორგანიზება. არ არის გამორიცხულკი მანამდე საარჩევნო უბნებზეც იყოს არაერთი მცდელობა პროვოკაციების, ხოლო იმ ოლქებში სადაც აგებენ, არეულობების მოწყობის მცდელობის.
არც თავად სააკაშვილის ჰიპერგააქტიურება და მიმართვების აქცენტებია შემთხვევითი, საკუთარი პარტაქტივის მობილიზირების და ე.წ მერყევი ამომრჩევლის დემორალიზირებისათვის.
პოლიტიკურად სიტუაცია წინასწარ მიყავთ ყირგიზეთის და ბელურუსული სცენარისაკენ, და დიდი ალბათობითაც გასული წლის 20 ივნისის ძალადობრივი ინსცენირების განმეორების მცდელობა უფრო იქნება.
გამოსვლებმა უნდა უზრუნველყოს ზეწოლა საარჩევნო კომისიაზე, არჩევნების სადამკვირებლო საერთაშორისო მისიებზე და პირველ რიგში ეუთოს დასკვნაზე, არჩევნების შედეგების რაც შეიძლება ნეგატიურ კონტექსტში შესაფასებლად.
ბუნებრივია, მცდელობა რევოლუციური სცენარის გასათამაშებლად იქნება, და არც თუ მცირე დოზით! თუმცა რეალობა ცოტა სხვაა. საქართველოს მოსახლეობის განწყობები, პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო კვლევით, სულაც არ არის პესიმისტური და სკეპტიკური ხელისუფლების მიმართ, ლოკაციითაც და ალოკაციითაც. პირიქით, „ქართულ ოცნებას“ აქვს კარგი შანსი ყოველგვარი კოალიციის გარეშეც მოიგოს ეს არჩევნები.
მიხეილ სააკაშვილი და ნაცოპოზიცია კი მიდის ვა-ბანკზე, მაგრამ შანსი რევოლუციური სცენარის გასათამაშებლად, პრაქტიკულად ნულის ტოლია!
ამას ჩვენ 31 ოქტომბერს ვნახავთ, არც რევოლუცია გამოუვათ, არც ქართველი ამომრჩეველია პოლიტიკური ამნეზიით შეპყრობილი და არც მათი მართველობის სისასტიკე დავიწყებია ვინმეს!“ - წერს ცუცქირიძე.