logo_geo
eng_logo
ლაშა შენგელია: ავთო გალდავა ამოვიდა, დაუდგა თავდამსხმელს მუხლებზე და უთხრა - აი, შენი ფული, გაუშვი მძევლები და მე დავრჩები შენთანო
- +

23 ოქტომბერი. 2020. 17:53

 

 

„ავთო გალდავა ამოვიდა, დაუდგა ამ თავდამსხმელს მუხლებზე და უთხრა - აი, შენი ფული, გაუშვი მძევლები და მე დავრჩები შენთანო“, - ამის შესახებ ლაშა შენგელიამ განაცხადა, რომელიც იყო ერთ-ერთი იმ 4 მძევლიდან, რომლებთან ერთადაც თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ ტერიტორია დატოვა.

 

„ბანკში შემოვიდა ნიღბიანი და მე ვიფიქრე, რომ ინკასაცია იქნებოდა. მან გაისროლა და დაიძახა, რომ ეს ძარცვაა. ძალიან აგრესიულად იქცეოდა, ოპერატორს მიუვარდა, შემდეგ დაინახა, რომ გარედან ვიღაც ვიდეოს უღებდა და იმისკენაც გაისროლა.

 

კავშირზე გამოვიდა ავთო გალდავა, რომელმაც განმუხტა სიტუაცია და ამისთვის მადლობას ვუხდი. ამის შემდეგ თავდამსხმელიც შეიცვალა, შემოვიდა უშუალო ურთიერთობაში. შემდეგ ლაივში დაინახა სამხედრო მანქანები, აფორიაქდა და ავთოსთან დაარეკინა. ავთო ჰპირდებოდა, რომ ფულს მიუტანდა და გარანტიას მისცემდა, რომ ბანკიდან გავიდოდა. თავდამსხმელი ამბობდა, რომ ერთ დღეს ყველანი მოვკვდებით და ამიტომ თუ სპეცოპერაცია დაიწყებოდა, ის ხელყუმბარას ააფეთქებდა.

 

ავთო გალდავა ამოვიდა, დაუდგა ამ კაცს მუხლებზე და უთხრა - აი, შენი ფული, გაუშვი მძევლები და მე დავრჩები შენთანო. ჩავსხედით მანქანაში, ოთხივე - უკანა სავარძელზე. გზაზე შეგვხვდა პოლიციის ორი მანქანა და ამაზე ძალიან გაბრაზდა, თუმცა ავთო გალდავამ დაარწმუნა, რომ ისინი არ გამოედევნებოდნენ. ავთო გალდავამ ვიღაცას დაურეკა კიდეც და უთხრა, რომ არ გამოგვყოლოდნენ, იმიტომ, რომ დაიღუპებოდა ხალხი. შტურმის თუნდაც ერთი მცდელობა ან რამე რომ ყოფილიყო, ჩვენ აუცილებლად დავიღუპებოდით“, - განაცხადა შენგელიამ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner