კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით შეფერხებები არ არის, ყველა მოქალაქე შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღეს გვაქვს კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა, აქედან საყურადღებოა, რა თქმა უნდა, ისევ სამი რეგიონი. აჭარაში გვაქვს 296 შემთხვევა, თბილისში 919, იმერეთში 337. მნიშვნელოვანია ჰოსპიტალიზება, რომლის მიმართაც უფრო მეტი კითხვა ისმის.
წარმოგიდგენთ ჰოსპიტალიზების სტატისტიკას ბოლო 24 საათის განმავლობაში, რაც ცხადყოფს, რომ შეფერხებები ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებით არ არის. ასევე, ჩვენ გავაკეთეთ პროცენტული ანალიზი, თუ რა ნაწილის ჰოსპიტალიზება ხდება ჩვენი მოქალაქეების, რაც ასევე მიუთითებს, რომ საქართველოში ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზების წილი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველა მოქალაქე იღებს საჭირო სამედიცინო მომსახურებას, რომელიც კონკრეტულად მას ამ დროისთვის ესაჭიროება. ბოლო 24 საათის განმავლობაში 194 ადამიანი, ცხელების ცენტრში გადაყვანილია 278 ადამიანი. ცხელების ცენტრიდან კოვიდ კლინიკაში დადასტურებული კოვიდით გადავიყვანეთ 24 ადამიანი. კლინიკიდან კარანტინში გადავიყვანეთ 77 ადამიანი, ვინაიდან მათ არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია. ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით გადავიყვანეთ 65 ადამიანი.
საერთო ჯამში, იმ ადამიანების 30%-ზე მეტი, რომელთაც დაუდასტურდათ კოვიდ კარანტინი დაექვემდებარა ჰოსპიტალიზაციას. საერთაშორისო სტანდარტით, ჰოსპიტალიზაციის პროცენტი არის 15-20%, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ კომპონენტშიც თავისი მოქალაქეების მიმართ იჩენს მაქსიმალურ ყურადღებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.