ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ბესო ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ზუგდიდში ბანკში შეჭრილი მძარცველის ქმედებები იყო თეატრალიზებული და მხოლოდ ბანკის ძარცვას არ ემსახურებოდა. ამის შესახებ მან „დღის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.
„თავდამსხმელს ძალიან ბევრი რამე ჰქონდა გათვლილი, ის მომზადებული მოვიდა მძევლების ასაყვანად და მას არ ჰქონდა მიზნად მხოლოდ ბანკიდან ფულის გატანა, ის ხაზს უსვამდა იარაღის ფლობას და სამხედრო მომზადებას. ასევე, არავისთვის წაურთმევია ტელეფონი და საშუალებას აძლევდა მძევლებს, ყველაფერი გაეშუქებინათ, ამიტომ ეს მაძლევს შესაძლებლობას, ვივარაუდო, რომ ეს არ იყო მხოლოდ ძარცვა“, - განაცხადა ალადაშვილმა.