საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე კოვიდ-ინფიცირებულ სასულიერო პირზე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
„დღეს ბევრი ჟურნალისტი ინტერესდებოდა ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსით დაინფიცირების გამო.
როგორც თავად მეუფემ მაცნობა, მასთან წინა კვირას ინტერვიუზე იმყოფებოდა ჟურნალისტი, რომელსაც მეორე დღეს დაუდასტურდა ვირუსი. ამის შემდეგ, სიფრთხილის გამო, მეუფე კონტაქტებისაგან თავს იკავებდა და იყო ფაქტიურად თვითიზოლაციაში. მომდევნო დღეებში მან ჩაიტარა ტესტირება და დადასტურების შემდეგ, როგორც რეკომენდირებულია, იმყოფება იზოლაციაში, საკუთარ რეზიდენციაში. დღეისათვის ავადმყოფობის სიმპტომები არ ვლინდება.
მეუფეს მსახურება არ შეუსრულებია გასულ კვირას, ასე რომ, ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ მეუფის გარემოცვაში ამ შემთხვევას გავრცელება მოჰყვეს“, - წერს ჯაღმაიძე.