ანალიტიკოს ამირან სალუქვაძის შეფასებით, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის დაკავების ოპერაციას ხელს უშლის კონკრეტული მედიასაშუალებების ქმედებები. როგორც სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს, გარკვეული მედიასაშუალების მხრიდან დამნაშავის ვინაობის გასაჯაროვებამ არა მხოლოდ თავდამსხმელის დაკავება გაართულა, არამედ მოქალაქეებსაც შეუქმნა საფრთხე. ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ეზება საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საშიშ ბოროტმოქმედს, „ყველანი უნდა ამოვიდეთ არა პოლიტიკური, არა რეიტინგების, არამედ საზოგადოების უსაფრთხოების და სახელმწიფოს ინტერესებიდან“.
საკითხზე ამირან სალუქვაძის ვრცელ Facebook-პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ბანკის დამყაჩაღებლის დაკავების ოპერაციის შესახებ ე.წ. ინფორმაციის გაჟონვა
წლების განმავლობაში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეების მსვლელობებისას, ადვოკატების მიერ ოფიციალურად მიღებული მასალები, საღდებოდა როგორც წყაროს მეშვეობით რომელიმე ტელევიზიის მიერ მოპოვებული.
რა თქმა უნდა, იყო სხვადასხვა უწყებებიდან ინფორმაციების რეალურად გაჟონვის ფაქტები. თუმცა, ძირითადად, მოსახლეობაში იმის განცდა, რომ ნაციონალურ მოძრაობას და მის მედიას შესწევთ უნარი სახელმწიფო სტრუქტურებიდან ნებისმიერი ინფორმაცია მოიპოვონ, შეიქმბა ზუსტად სხვადასხვა საქმეების ადვოკატების მეშვეობით.
მედიის მიერ გაშუქება
როგორ მოიქცა მედია ბანკზე თავდასხმის, შემდეგ მძევლების გათავისუფლების გაშუქებისას, ყველამ ვიხილეთ. ვიხილეთ ასევე, დამნაშავის მიმალვის შემდეგ როგორც ცდილობდნენ, გამოეცნოთ მიმალვის წერტილი, შესაძლო ადგილსამყოფელი და დარბოდნენ კამერებით, რასაც პირდაპირ ეთერში აჩვენებდნენ.
ვიხილეთ ნიკა გვარამიას მოჩვენებითი თანამშრომლობა შსს-თან, როცა თითქოს ნებართვას ეკითხება ნინო გიოგობიანს, რისი გაშუქების უფლება მაქვსო. მეორე დღეს კი, მიუხედავად გაფრთხილებისა, პარტიულმა მედიებმა შსს-ს მოთხოვნა დაარღვიეს.
ვიხილეთ გარკვეული ტელევიზოების მიერ ჩხრეკის ოპერაციების შემდეგ სხვის საცხოვრებელ სახლებში, განსაკუთრებით საძინებელ ოთახებში უნებართოდ შესვლა და გადაღება, რაც კანონდარღვევის გარდა, ამორალურია.
როცა საქმე გვაქვს საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საშიშ ბოროტმოედთან, ყველანი უნდა ამოვიდეთ არა პოლიტიკური, არა რეიტინგების, არამედ საზოგადოების უსაფრთხოების და სახელმწიფოს ინტერესებიდან.
სამწუხაროდ, ასეთი შეგნებიდან და მორალიდან გარკვეული მედიასაშუალებები, მათი მფლობელები, მათ უკან მდგომი პოლიტიკური ძალები, დაცლილები არიან.
ინფორმაციის გაჟონვის საშიშროება
მძევლების გათავისუფლების და დამნაშავის მიმალვის პირველივე წუთებიდან იწყება უკვე ძებნის პოლიციური ღონისძიებები, რაც მოიცავს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს.
ამ ღონისძიებების მიზანია, ერთი მხრივ მიმალვაში მყოფი პირის დაკავება, მეორე მხრივ საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება, მათ შორის პირის იდენტიფიცირება, შესაძლო თანამონაწილეების დადგენა, სხვადასხვა მტკიცებულებების მოპოვება და სხვა.
წარმოიდგინეთ, მსგავსი მასშტაბის დანაშაულის ჩამდენის ძებნისას რა მასშტაბის ძალები ერთვება და რა სამუშაობი ტარდება პირის დასადგენად?!
სხვათაშორის, გემახსოვრებათ, ვინც ნახეთ ჩემი ტელეინტერვიუები, მუდმივად ვეუბნებოდი ჟურნალისტებს, რომ სათითაო სიტყვას ვწონი, რათა ზედმეტი არ წამომცდეს-მეთქი. რაზეც შეიძლებოდა საუბარი, ვისაუბრე. მაგალითად ფორმასთან დაკავშირებით. დამნაშავემ შეცდომა დაუშვა, საკუთარი ფორმით რომ წავიდა დანაშაულის ჩასადენად. პირველმა გავამახვილე ყურადღება ფორმის სიძველეზე და სხვა ნიუანსებზე. მსგავსი შეფერილობის ფორმა ხომ გარკვეულ წლებში, გარკვეული რაოდენობით, გარკვეულ კონკრეტულ პირებზე იქნებოდა გაცემული? შემდეგ კი გამორიცხვის მეთოდით შესაძლებელი იქნებოდა წრის შევიწროვება. პლუს სხვა ღონისძიებების გატარება.
როცა მსგავსი მასშტაბის პოლიციური ღონოსძიებები მიმდინარეობს, როცა იწყება გარკვეული წრის შემოწმება, შემდეგ შევიწროება, ბოლოს იდენტიფიცირება და მისი ძებნის გაგრძელება. ამ დროს არა ძალოვანი უწყებიდან, არამედ ეჭვმიტანილის წრიდან, ან სხვა პირებიდან, რომლებიც მოყვნენ საპოლიციო ღონისძიებებში, შესაძლებელია ინფორმაციის მიტანა მედიამდე. მით უმეტეს, ამ დროს მედია თავადაც „ეძებს“ დამნაშავეს, რასაც მოსახლეობა ტელეეთერებით ადევნებს თვალს. ამ დროს ძნელი დასადგენი არაა, ვის ეძებს პოლიცია.
შსს-ს განცხადება
როცა ახდენ პირის დადგენას, იწყებ ძებნას მის ახლობლებში, შესაძლო თანამზრახველებში, თავიდან, პირის იდენტიფიცირებამდე, წრე საკმაოდ დიდია. როცა ხდება პირის დაშგენა და კონკრეტული ვინაობის ძებნა, უკვე ინფორმაციის "გაჟონვის" ალბათობა ძალიან მაღალი ხდება
როცა შსს-მ დაინახა მოსახლეობიდან კონკრეტული პირის ან პირების შესახებ ინფორმაციების მედიამდე მისვლის საშიშროება, გააკეთა განცხადება, რომელშიც მოუწოდა მედიას, იდენტიფიცირებული პირის ვინაობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში არ გამოექვეყნებინათ.
მედიის უპასუხისმგებლო ქმედება
მიუხედავად შსს-ს წინმსწრები გაფრთხილებისა, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა დამნაშავის ვინაობა მაინც გაასაჯაროვეს, რითაც არა მხოლოდ დაკავება გაართულეს, არამედ მოქალაქეებს შეუქმნეს საფრთხე.
ასე რომ, ძებნილის ვინაობის შესახებ ინფორმაცია, მეტი ალბათობით, მოპოვებულია მოსახლეობიდან.
ვფიქრობ, რომ გარკვეული მედიასაშუალებების ქმედებები გამიზნულად მიმართული იყო დაკავების ოპერაციის შეფერხებისკენ.
რა თქმა უნდა, ამ მედიასაშუალებების უკან მდგომი პოლიტიკური ძალების მიზანია ძალოვანი უწყებების და მთლიანად ხელისუფლების დისკრედიტაცია. საზოგადოების უსაფრთხოება და ინტერესები მათთვის მეცხრეხარისხოვანია.
სხვა რა უნდა ვიფიქრო, როცა ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს პოლიციას ძებნილი გაექცა?! გაექცა რა, მწყერია თუ კურდღელი, დაჭერისას რომ გაგექცეს?! რეალურად როგორ წარმოგიდგენიათ?
მოსახლეობაც ხელს უწყობს ასეთ მედიასაშუალებებს, მათი რეიტინგის აწევას, როცა ცნობიოსმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით აჭერს თითს ამა თუ იმ ღილაკს. ასეა, როცა ერთი ტელევიზია არ აჩვენებს შესაძლო მიმალვის ადგილს, გადართავ იმ არხზე, რომელიც შესაძლოა აჩვენებდეს.
მედიით მუდმივად გაისმის უპასუხისმგებლო ან უვიცი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ ძალოვანმა უწყებებმა მეტი გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყონ და მოსახლეობას პერიოდულად ინფორმაცია უნდა მიაწოდონო.
მათი ჭკუით, მათსავე მედიებს ამართლებენ, თითქოს იმიტომ დაეძებენ ინფორმაციებს, რომ შსს არ აწვდის. თითქოს, რომ მიაწოდონ, დამატებითი ინფორმაციების მოძიებას არ შეეცდებიან.
ან როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთ დროს, რა ინფორმაციები უნდა გაასაჯაროვონ, პერიოდულად უნდა გამოაცხადონ რომელ კვადრატებში მიმდინარეობს ძებნა, რა მეთოდებით და ტექნიკური აღჭურვილობით ეძებენ, როგორ მოახდინეს ანძების მეშვეობით ძებნილის მიერ ბოლო ზარის განხორციელება და ვის ელაპარაკა, თუ რა?
ბოლოს. შსს-მ საქმის გადაკვალიფიცირება მოახდინა და ადრინდელ მუხლებს (ყაჩაღობა, წამება, იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება) ტერორიზმიც დაამატა. პირველივე დღიდან ვსაუბრობდი და ვწერდი, რომ დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედება, თავისი შინაარსით ახლოს იყო ტერორისტულ აქტთან. ჩახედეთ კოდექსს.
ასევე, ზოგიერთ კოლეგას უყვარს სხვისი შეფასებების საპასუხო კომენტარების გაკეთება მედიის საშუალებით. ერთი ექსპერტი საუბრობდა, მძევლების გათავისუფლების ოპერაციას არ ვეძახი სპეცოპერაციას, რადგან ძალა არ იქნა გამოყენებულიო. სრული უვიცობაა. სანამ გააკეთებთ ასეთ კომენტარებს, სახელმძღვანელოებს ჩახედეთ რას ნიშნავს „სპეციალური ოპერაცია“, მისი სახეობები, შინაარსი და ა.შ. ისე, შსს-ს ყველა განცხადებაში სპეციალურ საპოლიციო ღონოსძიებებზე იყო საუბარი. მოკლედ, მკითხველისთვის ვწერ, რომ სპეცოპერაცია აუცილებლად არ ითვალისწინებს ძალის გამოყენებას. ამავე დროს, როცა სპეციალური ქვედანაყოფები გამოგყავს მათი დისლოკაციის ადგილიდან, როცა სპეცტექნიკაა ჩართული, ეს უკვე ნიშნავს მათ გამოყენებას. ესეც ანა-ბანაა.
მოკლედ, ასეთი საპოლიციო ღონოსძიებების დროს, ინფორმაციის დამალვა შეუძლებელია. როცა, სადმე, უბანში იკითხავ ამა თუ იმ პირის, ძებნილის, ან მისი ნაცნობის ადგილსამყოფელის შესახებ, ამ ინფორმაციებს ვეღარ დამალავ.
ისე, გამოვაცხადებდი ჯილდოს დანაშაულის ჩამდენზე, თანაც იმდენს, რომ ფეხქვეშ მიწა ეწვოდეს და სარკეში ჩახედვის ეშინოდეს.
P.S. ისევ მიჩნდება სურვილი, შიდა პოლიტიკის შეფასებებისგან თავი შევიკავო. ძალიან ტოქსიკური გახდა პოლიტიკა, თავად პოლიტიკოსები. ეთიკა, მორალი აღარ არსებობს. რა ხდება ამერიკაში, ნახეთ, მსგავსი ყოფილა? პოპულიზმმა წალეკა მსოფლიო. აქ რა უნდა მიკვირდეს?! ხალხი საკუთარი ხელით გამოუტანენ განაჩენს საკუთარ მომავალს“, - წერს სალუქვაძე.