„ჩვენმა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც უკვე თითქმის ათწლეულია ერთ წრეზე ტრიალებენ, ვერ ისწავლეს ერთი მარტივი რამე ამ ხნის მანძილზე - მიტინგების გამართვა იმის საჩვენებლად, რომ მათ „ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავთ“, ძალიან მოძველდა, წარსულია და შუა საუკუნეები, პირდაპირი გაგებით“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„მიტინგი და საპროტესტი აქცია მხოლოდ მაშინ არის რაიმე მნიშვნელობის მქონე და საჩვენებელი, თუ იქ საზოგადოება მიდის ყოველგვარი დაძახების გარეშე, და ამის მომსწრენი ჩვენ ვიყავით თბილისში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
მაგრამ, როცა შენ მიტინგის მონაწილენი „მარშრუტკებით“ მოგყავს რეგიონებიდან, მათ ფულს უხდი და მათ ისიც კი არ იციან, სად მიდიან, მაშინ შენ ატყუებ საზოგადოებას, და რაც მთავარია, შენს თავს იტყუებ.
უფრო სწორად, საზოგადოება დიდად აღარ ტყუვდება ამ ძალიან მოძველებული ტრიუკით და მას აღიზიანებს კიდეც თბილისის ცენტრის დაკავება აბსოლუტურად არაფრისმომცემი შეკრების გამო.
სამწუხაროა, მაგრამ ასეთი ოპოზიცია გვყავს და ორ დღეში, ჩემი მოლოდინით, „ქართული ოცნება“, რომელიც უნაკლო ნამდვილად არ არის, ამჯერადაც დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. ოპოზიცია კი მას ძალიან უწყობს ხელს ამ გამარჯვებაში!“ - წერს მჭედლიშვილი.