„დღევანდელი მოცემულობით, არ არსებობს სამართლებრივი და კონსტიტუციური საფუძველი, რომ არჩევნების შედეგები გახდეს სადაო და პარლამენტის პირველი სხდომა ვერ შედგეს“, – ამის შესახებ იურისტმა, ლევან ალაფიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის პირველი სხდომა რომ ვერც ჩატარდეს, ეს არ არის ვადამდელი ან ხელახალი არჩევნების საფუძველი.
„საკმარისია, პარლამენტის პირველ სხდომაზე რეგისტრაცია გაიაროს ცესკო-ს მიერ არჩეულად მიჩნეულმა 76-მა კანდიდატმა, სხდომა უფლებამოსილი იქნება, დაიწყოს მუშაობა და კენჭისყრაზე დადგეს დადგენილების პროექტი, რომლითაც 150-ვე კანდიდატზე ცესკო-ს მიერ შეჯამებული შედეგები ცნოს. 76 ხმა არის სხდომის უფლებამოსილების საკითხი, ხოლო სულ მცირე 50 ხმა არის გადაწყვეტილების მიღების კვორუმი. ერთიც და მეორეც ალბათობის მაღალი ხარისხით შეგროვდება. შესაბამისად, საფუძველი არ არსებობს, რომ პირველი სხდომა ვერ შედგება
ჩვენი კანონი იცნობს ვადამდელი და ხელახალი არჩევნების ცნებას. ხელახალი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუ პროპორციული სიით მონაწილე სუბიექტებიდან ვერც ერთმა ვერ გადალახა ბარიერი ან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ნახევარზე მეტში არჩევნები არშემდგარად გამოცხადდა, სასამართლომ ცნო ბათილად მთლიანად არჩევნების შედეგები, კონკრეტულ სამაჟორიტარო ოლქში 12 დღეზე ადრე წარდგენილი იყო ერთადერთი კანდიდატი და მანაც მოხსნა კანდიდატურა.
რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ვადამდელი არჩევნები იმართება უკვე უფლებამოსილება ცნობილ პარლამენტში და ორ შემთხვევაში – როცა ახლად არჩეული პარლამენტი ვერ ქმნის ახალ მთავრობას, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი დაითხოვს ახალ თავად დააყენებენ პარლამენტის წინაშე ნდობის დადასტურების ან განახლების საკითხს. თუ ამ შემთხვევაში პარლამენტი არ დაუდასტურებს ნდობას, ინიშნება ვადამდელი არჩევნები და პრეზიდენტი დაითხოვს მოქმედ პარლამენტს. არც რიგგარეშე და არც ხელახალი არჩევნების სამართლებრივი საფუძველი არ არის პირველი სხდომის უფლებამოსილების ცნობა ან არცნობა“ , – აცხადებს ალაფიშვილი.