„არჩევნების გაყალბების ფაქტები რომ არსებობდეს, ამის თქმა ეუთო-ს მოერიდებოდა? ან ცესკო ასე გამოფენდა ამდენ სულელურ და თავისმომჭრელ ბიულეტენს საჯაროდ?“ - ამის შესახებ ჟურნალისტი შორენა პაპაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ვისაც გუშინ, „რუსთავი2“-ის საღამოს ეთერში არ მოგისმენიათ ეუთო/ოდირის წარმომადგენელთან ინტერვიუ და ვისაც შეგიძლიათ დიპლომატიისთვის დამახასიათებელი შეფასებებიდან დაფარული აზრის გამოტანა, გირჩევთ, მოუსმინოთ, ძალადობაზე როცა საუბრობდნენ, რას და ვის გულისხმობდნენ ეუთო-ს დამკვირვებლები? ქართველი დამკვირვებლები იმდენად ცუდად და თვალშისაცემად იქცეოდნენ უბანზეც და მის გარეთაც, რომ ეს იყო ამომრჩეველზე ძალადობაო. და რა გგონიათ, შაშკინის მიერ იარაღით სეირნობა არ იყო აღქმული ძალადობად? არჩევნების გაყალბების ფაქტები რომ არსებობდეს, ამის თქმა ეუთო-ს მოერიდებოდა? ან ცესკო ასე გამოფენდა ამდენ სულელურ და თავისმომჭრელ ბიულეტენს საჯაროდ? ამ ყველაფერმა თუ რამე გამოამზეურა, მხოლოდ ის, რომ საერთოდ არ ვცემთ პატივს ერთმანეთს, პირველ რიგში მოქალაქეები, თორემ პოლიტიკოსები რამენაირად მოგვარდებიან ერთმანეთში. ბიულეტენების, რამდენიმე ადგილას ხელახლა გადათვლით აღმოჩნდა, რომ ხმები მეტ-ნაკლებად, ყველა სუბიექტს დაკარგვია, რას მივაწეროთ ეს? უვიცობას თუ არაკეთილსინდისიერებას? ნურც ის გვავიწყდება, რომ ადამიანებმა სიცოცხლის რისკის ფასად მოგცეს ხმა. თუმცა, როდის დაგიფასებიათ თქვენ ადამიანები? ხალხი თქვენთვის უბრალო ციფრები და პროცენტებია, მეტი არაფერი“, - წერს პაპაშვილი.