საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ახლა არ არის რბილად საუბრის დრო, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა და ხალხი რეალური საფრთხის წინაშე დგას!
მაშინ, როდესაც მსოფლიოში და საქართველოში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს, კლინიკები და კოვიდ-სასტუმროები გადავსებულია პაციენტებით, „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციას“ ყოველდღიურად ასობით ადამიანი მომართავს დახმარებისათვის და ჩვენი ფედერაციის წევრი ექიმები, ეპიდემიოლოგები თუ ინფექციონისტები დაუღალავად უწევენ სატელეფონო კონსულტაციას პაციენტებს! ფედერაციის ექიმების რესურსი ამოწურვადია, სიტუაცია კი დღითი დღე უარესდება!
სამწუხაროდ, მძიმე პაციენტების რაოდენობის მომატებამ, კლინიკებში საწოლების უკმარისობა გამოიწვია და ამ ფონზე კი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დღემდე არასერიოზულად აფასებს შექმნილ საყურადღებო ეპიდემიოლოგიურ ვითარებას. ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რიცხვის ზრდის პროპორციულად იმატებს ინფიცირების შემთხვევები სამედიცინო პერსონალს შორის და შესაბამისად, იქმნება ჯანმრთელი სამედიცინო პერსონალის სერიოზული დეფიციტი, რაც მალე კიდევ უფრო გააძნელებს პაციენტების სწორი მკურნალობისა და გამოჯანმრთელების პროცესს. შესაბამისად, მოსალოდნელია სიკვდილობის რიცხვის მატება!
„საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია“ მოსახლეობას უმორჩილესად სთხოვს და მოუწოდებს დისტანციის დაცვის, პირბადის გამოყენებისა და ყოველგვარ თავყრილობებში მონაწილეობის მიღებისაგან თავის შეკავებისკენ!
საუბედუროდ, არსებულ ვითარებას თან ერთვის შეუქცევადი პოლიტიკური პროცესები. მიმდინარე და დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქციები კიდევ უფრო ზრდის ინფექციის გავრცელების სისწრაფესა და რისკს, რაც ამძიმებს ისედაც რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარებას. აქციებზე სოციალური დისტანციისა და ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციების გაუთვალიწინებლობის გამო, უახლოეს მომავალში კატასტროფული შედეგები გარდაუვალი იქნება და ეპიდემიოლოგთა მოლოდინით, დაახლოებით ერთ კვირაში ვითარება საგრძნობლად გაუარესდება!
„საქართველოს ჯანმრთლობის ფედერაცია“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, პოლიტიკურ პარტიებსა და ნებისმიერი თავყრილობის ორგანიზატორებს, გამოიჩინონ მეტი სოციალური პასუხისმგებლობა! დაიცვან დისტანცია, გამოიყენონ პირბადე და ხშირად დაიმუშაონ ხელები!
ხალხის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის დამძიმების თავიდან აცილების მიზნით, მასმედიის საშუალებით არ ხდება იმ რეალური სურათის ტირაჟირება, რაც დღეს ქვეყანაშია! ეს ფაქტი, მოდუნებისა და უპასუხისმგებლოდ მოქცევის მიზეზი არ უნდა გახდეს!
„საქართველოს ჯანმრთლობის ფედერაცია“ ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული მიმართვა არ ატარებს პოლიტიკური განცხადების ხასიათს და სრულად ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესებს. აღნიშნული მოწოდება მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთლობაზე ზრუნვას ემსახურება!“, - - ნათქვამია განცხადებაში.