დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფექციის გავრცელების ჯაჭვის გასაწყვეტად, აუცილებელია, რომ კოვიდინფიცირებული ადამიანი და მასთან კონტაქტში მყოფი პირები დაუყოვნებლივ გადავიდნენ თვითიზოლაციაში.
„შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს ნოემბერში. ახლა თანდათან ხდება სხვადასხვა რესპირაციული ინფექციების და კოვიდის ზედდება, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ გამოჩენილა, მაგრამ ცირკულირებენ სხვა რესპირაციული ვირუსები. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სიმპტომების დაწყების შემთხვევაში ექიმთან კონსტულტაცია და შემდგომ, შესაბამისი ლაბორატორიული გამოკვლევები, რომ დადასტურდეს, გვაქვს თუ არა კოვიდი. თუ გვაქვს კოვიდი, პანიკას არ უნდა მივეცეთ, კოვიდ-ინფიცირებული პიროვნება დაუყოვნებლივ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, დარეკოს 112-ზე ან დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს და შემდგომი ნაბიჯები გადადგას მათი კონსულტაციით.
თუ ოჯახის წევრი არის კოვიდ-ინფიცირებულის ახლო კონტაქტი, რომელსაც პირბადით დაუცველი კონტაქტი ჰქონდა, აუცილებელია, ისინიც ყოველგვარი ტესტირების გარეშე გადავიდნენ თვითიზოლაციაში, მიმართონ ოჯახის ექიმს ან 112-ს და შემდგომი ნაბიჯები გადადგან მათი რეკომენდაციებით.
ინფექციის გავრცელების ჯაჭვი რომ გაწყდეს, აუცილებელია, რომ ინფიცირებული ადამიანი და მასთან კონტაქტში მყოფი პირები დაუყოვნებლივ იყვნენ გადასული თვითიზოლაციაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.