პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მეორე ტურებისთვის ემზადება. მისივე თქმით, შესაძლოა მათ ბოლომდე შექმნან შთაბეჭდილება, რომ მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ, თუმცა რეალობაში ეს, ასე არ იქნება.
„კახეთში, თელავის ოლქში ამ წუთას მიდის მუშაობა, რომ დაამატონ კოორდინატორები, იმისთვის, რომ მეორე ტურში სასურველ შედეგს მიაღწიონ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, შესაძლოა, ოპოზიციამ ბოლომდე შექმნას შთაბეჭდილება, რომ მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს, თუმცა, რეალობაში ეს ასე არ იქნება.
„გახსოვთ, ალბათ, 2016-ში ოლქები, სადაც ამბობდნენ, რომ არ იღებენ საერთოდ მონაწილეობას და მათმა წარმომადგენლებმა რიგ შემთხევაში 25% მოიპოვეს და 75% შესაბამისად, დაახლოებით ჰქონდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებს. აქედან გამომდინარე, ეს არის უბრალო მანიპულაცია, იმისთვის, რომ მოადუნონ საზოგადოების ყურადღება და ამ შემთხვევაში შეიძლება რომელიმე გაძვრეს, ეს მოლოდინი აქვთ. უტყუარი და დადასტურებული ინფორმაციაა, და ასეთი ინფორმაცია ყველა გამართლდა, ამ დღეების განმავლობაში რაც ვთქვით, რომ ისინი ემზადებიან ჩვეულებრივად მეორე ტურისთვის“, - განაცხადა მდინარაძემ.