ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. როგორც კობახიძემ უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.
მისივე თქმით, გამოკითხვისას დაასახელა ინფორმაციის წყარო და ასევე წარადგინა იმ ადამიანთა სიები, რომლებიც დესტრუქციული სცენარისთვის ემზადებოდნენ.
"დამიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე გავავრცელე რამდენიმე დღის წინ. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში ნაცმოძრაობის ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს. მე მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, დავასახელე დღეს ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე შინაარსი და წარვადგინე იმ ადამიანების სიები, რომელებიც იყვნენ მომზადებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის. რა თქმა უნდა უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება და დღეს ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა.
ჩვენ ვთქვით მაშინ, რომ შექმნილი იყო ჯგუფები მათ შორის ე..წ. ეკიპაჟები იმ ადამიანებისგან შემდგარი, რომლებიც იყვნენ მათ შორის ყოფილი ძალოვნები. მათ ჰქონდათ გარკვეული ტიპის შეიარაღება, რომელიც მერე გამოჩნდა არჩევნების დღეს. თქვენ გახსოვთ ადამიანები შეიარაღებული გადაადგილდებოდნენ, ჰქონდათ ელექტროშოკები და ასე შემდეგ. ეს არჩევნების დღეს დადასტურდა კიდეც.
არჩევნების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული გეგმები და ამაზეც ჩემი ინფორმაცია მივაწოდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.