logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე გრიგოლ ვაშაძეზე: როგორც ჩანს, პარტიის თავმჯდომარესაც არ ჰქონია უფლება, სოცქსელში თავისი პოზიცია დააფიქსიროს
- +

10 ნოემბერი. 2020. 23:58

 

 

„ჩვენ ხშირად მოგვისმენია ოპოზიციური პარტიებისგან, რომ მათ პარტიებში დემოკრატიაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დააფიქსიროს თავისი მოსაზრება. როგორც დავინახეთ, პარტიის თავმჯდომარესაც არ ჰქონია უფლება, სოცქსელში თავისი პოზიცია დააფიქსიროს - მას მოუწია ამ პოზიციის კარდინალურად შეცვლა და ადამიანების დადანაშაულება იმაში, რომ მათ არასწორად გაიგეს წაკითხული“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ განაცხადა.

 

„გრიგოლ ვაშაძის სიურპრიზი მისივე პარტიის რეაქციიდან გამომდინარე, მათთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა. ჩვენ ხშირად მოგვისმენია მათგან, რომ პარტიებში დემოკრატიაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დააფიქსიროს თავისი მოსაზრება. როგორც დავინახეთ, პარტიის თავმჯდომარესაც არ ჰქონია უფლება, სოცქსელში თავისი პოზიცია დააფიქსიროს - მას მოუწია ამ პოზიციის კარდინალურად შეცვლა და ადამიანების დადანაშაულება იმაში, რომ მათ არასწორად გაიგეს წაკითხული. მე ვფიქრობ, რომ „ნაცმოძრაობის“ წევრებმა შეცდომა დაუშვეს რეაქციებთან დაკავშირებით. მათ უბრალოდ უნდა ეთქვათ, რომ ეს არის ვაშაძის პირადი პოზიცია, ხოლო პარტიის მოქმედებების გეგმას საზოგადოება მოგვიანებით გაიგებდა. ამ შემთხვევაში არ გამოვიდოდა ისე, რომ პარტიის თავმჯდომარეს მოუწია 180 გრადუსით თავისი პოზიციის შეცვლა. რაც შეეხება მთლიანობაში პარტიების სამოქმედო გეგმას, პირველ რიგში მათი სტრატეგიაა გაუგებარი ჩემთვის, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში - ფაქტობრივად, ისინი მიდიან თვითდეგრადაციისკენ. მიუხედავად ამისა, საკვირველია ის მაღალი მაჩვენებლები, რომლებსაც იღებენ. ისინი ნეგატივზე ცდილობენ თავისი პოლიტიკის აგებას და ხელისუფლებაში მოსვლას - ეს ყოველთვის წამგებიანია. მე, როგორც მოქალაქემ, ვერ დავინახე პარტიების მკაფიო სამოქმედო გეგმები და პროგრამები. როგორც ეს არ ჩანდა წინასაარჩევნო პერიოდში, ანალოგიურად არ ჩანს ახლაც“, - აცხადებს სალუქვაძე.

 

დღეს სააგენტო „ნიუპოსტმა“ გრიგოლ ვაშაძის სახელით მისი განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ პროცესები სასწრაფოდ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადავიდეს და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლდეს.

 

მოგვიანებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ვაშაძის სახელით განცხადება გამოქვეყნდა. რომლის თანახმადაც, თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც პარლამენტში შევლენ. განმარტების ეს ტექსტი ვაშაძის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებამდე ნიკა გვარამიამ თავის გვერდზე დაპოსტა.

 

თავად გრიგოლ ვაშაძე მედიასთან ამ დრომდე არ გამოჩენილა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner