„ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიდევ ერთხელ დაადასტურებს მის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, საქართველოს არაღიარების პოლიტიკისადმი, რომლის მთავარი მხარდამჭრი სწორედ აშშ-ია“, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ღიმილის მომგვრელია ოპოზიციის განცხადებები, თითქოს აშშ თავის მაღალჩინოსანს საქართველოში ხელისუფლებისთვის შენიშვნების მოსცემად აგზავნის.
„ღიმილის მომგვრელია ასეთი კომენტარები. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა. ჩვენი ურთიერთობის ეს ტრაექტორია არის აღმავალი და სწორედ ამის გამოხატულებაა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მხრივ, საქართველო სამაგალითო პარტნიორია. ასევე, დემოკრატიული განვითარების მხრივ საქართველო არის სამაგალითო ქვეყანა რეგიონში. ასე, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამ ვიზიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ დაადასტურებს მის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, საქართველოს არაღიარების პოლიტიკისადმი, რომლის მთავარი მხარდამჭერი სწორედ აშშ-ია.
ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის კიდევ გაღრმავებისთვის, ამერიკის სექტორისთვის და ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ უკვე წლები და საქართველო წარმოადგენს კარგ, საჩვენებელ მაგალითს დემოკრატიული განვითარების მხრივ და რასაკვირველია, მომავალი გეგმები აქედან გამომდინარე იქნება განხილული. ასემ რომ ეს არის ძალიან სასიხარულო ვიზიტი. ჩვენ ყველა მოუთმენლად ველოდით და გვიხარია, რომ ეს ვიზიტი გაიმართება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.