„ოპოზიცია ნებისმიერი შემდგარი სახელმწიფოს აუცილებელი ნაწილია და ქვეყანა სხვანაირად ვერ განვითარდება, ამასთან ყველა ადამიანს აქვს თავისი პროტესტის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება, თუმცა ეს არ უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროცესები შეფერხდეს. ერთია როცა საჯარო მოხელეს უქმნი დისკომფორტს და მეორეა, როცა მოქალაქეს კონსტიტუციურ უფლებას უზღუდავ“ - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
„სირცხვილის კორიდორები ერთ-ერთი ფორმაა პროტესტის, ერთი საქმეა, როცა ამას საჯარო მოხელეებს უკეთებ, მას ვისაც თმენის ვალდებულება აქვს და მეორე საქმეა, როცა იმ მოქალაქეებს ვისაც არც ეს ვალდებულება აქვს და საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა სულაც არ იზიარებს ამ პათოსის მოსაზრებას“, - აღნიშნა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ამას შეიძლება მოჰყვეს ძალიან მძაფრი დაპირისპირება, იმ ადამიანების მხრიდან ვინც მათ მოსაზრებას არ იზიარებენ.
„მოქალაქეებისთვის ამ შეფერხების შექმნა საარჩევნო უბნებთან მავნებლურია“, - დასძინა სერგეენკომ.