„ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი კახიანი მიიჩნევს, რომ IRI-ის შეფასება პოზიტიურია. მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, იყო ხარვეზები, თუმცა არჩევნები ჩატარდა და მისი ლეგიტიმაცია არავის დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ.
„ხარვეზი ყველა საარჩევნო პროცესისთვის არის თანმხლები და ბუნებრივია, ჩვენ არჩევნებიდან არჩევნებამდე ყოველთვის ვცდილობთ, რომ კანონმდებლობაც გამოვასწოროთ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ხარვეზები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განგვიხორციელებია ამ ნაწილში.
მათ შორის, ეს ასახულია IRI-ის ამ შეფასებაში, სადაც საუბარია იმ პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა კანონმდებლობაში.
მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ეს შეფასება არის პოზიტიური, თუმცა რა თქმა უნდა, არის საუბარი ხარვეზებზეც, რომლებზეც შესაბამისი ანალიზიც მიმდინარეობს და საკანონმდებლო ცვლილებები თუ იქნება საჭირო, რა თქმა უნდა, მომდევნო მოწვევის პარლამენტში განხორცილდება“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.