„21 ნოემბერს, ყველა უბანთან იქნება სიმშვიდე და მოსახლეობას საშუალება ექნება, არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა წყნარად, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
ამილახვარი ასევე გამოეხმაურა მეორე ტურის დღეს, საარჩევნო უბნებთან დაანონსებულ ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას.
„სირცხვილის კორიდორს რაც შეეხება, ეს არა თუ უკანონო და ამორალური განაცხადია მათი მხრიდან, ვფიქრობ, პირველ რიგში, ისინი უნდა გადადგნენ სირცხვილის კორიდორში და ამ დროს ისინი ქართველ ხალხს ემუქრებიან სირცხვილის კორიდორით.
ჩვენ გვინდა, დავარწმუნოთ ქართული საზოგადოება, რომ როგორც 31 ოქტომბერს, ასევე 21 ნოემბერს, ყველა დარჩენილ ოლქში, ყველა უბანთან იქნება სიმშვიდე და მათ საშუალება ექნებათ, არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა წყნარად, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში. ამიტომ ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდებთ, დაანებონ თავი დესტრუქციულ ქმედებებს და გადმოვიდნენ კონსტრუქციულ რეჟიმში“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.
ცნობისთვის, ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლევან ვარშალომიძე გამოვიდა „სირცხვილის დერეფნის“ ინიციატივით:
"ველას მოგიწოდებთ, დავდგეთ საარჩევნო უბნებთან და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორი. ვნახოთ, რამდენი ყავს ქართულ ოცნებას მხარდამჭერი" - თქვა ვარშალომიძემ.