logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: გაუგებარია ის ისტერიკა, რომელიც შეიქმნა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადების შემდეგ
- +

1 ივლისი. 2016. 17:03



შეფასებებზე, რომლებიც გაკეთდა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ სომხეთი ქართულ და რუსულ მხარეებთან „სამხრეთ ოსეთის" გავლით გზის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის „ეს ისტერიკა"  გაუგებარია.


„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ის ისტერიკა, რომელიც შეიქმნა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადების შემდეგ. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკება სომხეთთან და მოგეხსენებათ, რომ დევდორაკის მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გზა არის განადგურებული. ალბათ ორი კვირა მაინც დასჭირდება მის აღდგენას. ამით პრობლემა ექმნებათ, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ექპორტიორებს ხილის გატანის კუთხით და ასევე პრობლემა შეექმნათ სომხეთის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ ვიყოთ საიმედო პარტნიორი. სწორედ ამიტომ, მე მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან საუბარი და მათი წინადადება იყო, რომ დაელაპარაკებოდნენ რუსეთის მხარეს, რათა დროებით, მაქსიმალურად უმტკივნეულო რეჟიმში, სტატუსის შეხების გარეშე მოხდებოდა არხის გახსნა.

ამ რეჟიმში გვინდოდა გაგვეტარებინა ეს ტვირთები, რათა არ მიგვეყენებინა ძალიან დიდი ზარალი ჩვენი ბიზნესმენებისთვის და სხვებისთვისაც. რუსეთის ფედერაციიდან იყო არაადეკვატური პასუხი, რაც პირდაპირ იყო დაკავშირებული მათ მიერ აღიარებული ტერიტორიის სტატუსთან, ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით ამ გზით ტვირთის გატარებაზე. ჩვენი წინადადება იყო, რომ მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობის ფარგლებში მომხდარიყო ამ არხის გახსნა. ამიტომ ჩვენ ბორანის გზა ავირჩიეთ და შავი ზღვის მეშვეობით გადის ეს ტვირთი რუსეთის ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რომელიც 2012 წლამდე იქნა მიღებული. ის განსაკუთრებულ შემთხვევებში ამ არხის გამოყენებას ითვალისწინებს.

 

რაც შეეხება „ესჯიესთან" ხელშეკრულებას, ჩვენ ეს ხელშეკრულება გადავგზავნეთ რუსულ მხარესთან, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. ეს არის მექანიზმი, რომელიც ნეიტრალური სტატუსით ტვირთების გატარებას ითვალისწინებს. ეს მექანიზმი სამწუხაროდ, ჯერ არ გაგვაჩნია. გამომდინარე იქიდან, რომ ვერ მივიღეთ ტვირთის გატარების მექანიზმი, დღესდღეობით ტვირთები სარკინიგზო ბორანით გადის როგორც საქართველოდან რუსეთის მიმართულებით, ისე პირიქით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner