„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონში სტაბილურობის მხარდასაჭერად საქართველოს როლის ხაზგასმა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, – ამის შესახებ განაცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.
„რასაკვირველია, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად საქართველოს როლის ხაზგასმა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. აშშ არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, შტატებმა დაამტკიცა წლების განმავლობაში, რომ ის არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, ამერიკის მტკიცე მხარდაჭერით ხორციელდება.
ჩვენ ამის არაერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და დადასტურება გვაქვს, მათ შორის, რომელიც გამოიხატება ამერიკის მხარდაჭერის აქტით და რასაკვირველია, ველოდებით, რომ ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ ხაზი გაესმევა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის მხარდაჭერას.
რასაკვირველია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა, რომელიც წარმოადგენს ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას და ამ თვალსაზრისით ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი დისკუსია. „კოვიდ-19“-ის გათვალისწინებით მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ეკონომიკისა და ვაჭრობის განვითარება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, როგორც საქართველოსთან, ისე რეგიონთან, საქართველოს გავლით, ასევე იქნება განხილული სახელმწიფო მდივანთან. ძალიან მნიშვნელოვანი მაღალი დონის შეხვედრები იგეგმება და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ვიზიტი იქნება ძალიან შედეგიანი და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს, რომელიც არის უმაღლეს ნიშნულზე“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.