„ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რამდენად დესტრუქციულია ოპოზიცია დემოკრატიული განვითარების იმ გზაზე, რომელსაც საქართველო ადგას ბოლო 8 წლის განმავლობაში, და ნამდვილად თვალსაჩინოა ის მიღწევები, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ განაცხადა.
მისი თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკიტხია.
„დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის - გავაძლიეროთ და კიდევ უფრო დავხვეწოთ ის, რაც გვაქვს. დემოკრატია და სრულყოფილებისკენ სწრაფვა არ არის რაღაც საბოლოო მიზნამდე მისვლა და შემდეგ გაჩერება - ეს არის მთელი პროცესი, რომელიც კიდევ უნდა გაგრძელდეს და დაიხვეწოს. ამიტომ არსებობს სამუშაო გეგმა, დღის წესრიგი, მთელი რიგი საკითხები, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ. სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა დავამტკიცეთ და მას ბევრი მოწონება ჰქონდა. გაგრძელდება მუშაობა სხვა საკითხებზეც, მათ შორის საარჩევნო კოდექსზე. ამ არჩევნებზე დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზები და ამ მიმართულებით ვითანამშრომლებთ როგორც აშშ-სთან, ასევე ევროკავშირთან. 2024 წლისთვის ამ რეფორმების გატარებით ჩვენ შევძლებთ, განაცხადი შევიტანოთ ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. ერთი წლის წინ გარკვეული კონგრესმენები გვაკრიტიკებდნენ, რომ მაშინ ვერ მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები. ჩვენ ეს კრიტიკა ზუსტად ისე მივიღეთ, როგორც უნდა მიგვეღო მეგობრისგან კარგი რჩევა. ამის შემდეგ ჩვენ ერთპარტიულად, დამოუკიდებელი დეპუტატების დახმარებით მივიღეთ ეს ცვლილებები და ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ ჩვენს ოპონენტებს, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ხელი ჰქონდათ მოწერილი. ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რამდენად დესტრუქციულია ოპოზიცია დემოკრატიული განვითარების იმ გზაზე, რომელსაც საქართველო ადგას ბოლო 8 წლის განმავლობაში, და ნამდვილად თვალსაჩინოა ის მიღწევები, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა კუჭავამ.