„რამდენჯერაც შეიკრიბებიან შალვას ფანჩატურში და რამდენჯერაც მოექცევიან იმ ერთი ადამიანის გავლენის ქვეშ, იგივე შედეგი იმდენჯერ გაუმეორდებათ და პირიქით, უფრო გაუუარესდებათ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის რთერში განაცხადა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ერთად დადგა მთელი ოპოზიციური სპექტრი. ყველა ერთადაა – ისინი, ვისაც აქამდე რუსეთის აგენტებს, პრორუსულს უწოდებდნენ და ისინიც, ვინც თავის თავს პროდასავლურს უწოდებს. გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება, სადაც მან ევროსაბჭოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს რუსეთის აგენტი უწოდა, რამდენიმე წლის წინ კი თქვა, რომ ევროკავშირი და აშშ ჩვეულებრივი კოლონიზატორები არიან, რომელთა მიზანი კავკასიისა და უკრაინის დაპყრობაა და ამით ისინი არაფრით განსხვავდებიან რუსეთისგან. მკაფიოა, რა ღირებულებებზე დგას ოპოზიცია. იმას არ ვამბობ, რომ ყველანი ერთნაირები არიან, მაგრამ ყველა კრიტიკულ მომენტში ისინი აბსოლუტურად ექცევიან მიხეილ სააკაშვილის ტყვეობის, მისი ნარატივის გავლენის ქვეშ; მოქმედებენ ერთად და მერე უკვირთ, თუ რატომ მოხდა, რომ მთელი ოპოზიციური ხმები ერთმა ადამიანმა წაიღო, თვითონ კი მშრალზე დარჩნენ. როცა იმ ადამიანის გავლენის ქვეშ ექცევიან და ყველა იმის ნათქვამს იმეორებს, ბუნებრივია, ყოველ ჯერზე ასე მოხდება“, – განაცხადა სუბარმა.