logo_geo
eng_logo
ზვიად კირტავა: ახლა მაინც გავიაზროთ, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ!
- +

18 ნოემბერი. 2020. 22:09

 

საქართველოში არსებულ ეპიდ-ვითარებასთან დაკავშირებით, „ჯეოქეისის“ მკვლევარი, თბილისის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

 

„3443 ახალი შემთხვევა... შემთხვევების საერთო რაოდენობით უკვე ჩინეთს გადავასწარით...

 ყველას უკვე გვყავს ნათესავები, ნაცნობები, ან მეზობლები,  სადაც ოჯახებში ზოგან რამდენიმე ადამიანსაც კი აქვს კორონავირუსი.

 "კორონა არ არსებობს" ტიპის უაზრო ქირქილი ნაკლებად ისმის. სამწუხაროდ, ამ ძალიან მავნე დეზინფორმაციამ უკვე მოახერხა დიდი ზიანის მოტანა - საზოგადოებაში ვირუსის გავრცელება ძალიან მაღალია. უფრო მაღალი, ვიდრე მონაცემები გვაქვს, რადგან ყველა კონტაქტის მოკვლევა და ყველა საეჭვო ინფიცირებულის ტესტირება ვერ ხერხდება.

 ახლა მაინც გავიაზროთ, რა საფრთხის წინაშე ვდგევართ! დავიცვათ ყველამ წესები - გამოვრიცხოთ პირბადის გარეშე სიარული და დავიცვათ დისტანცია!

 გადადების შანსი მაღალია, თუ დისტანცია 1 მ-ზე ნაკლებია, ხოლო ინფიცირებულთან კონტაქტი - 15 წუთზე მეტი (ერთჯერადად, ან ჯამურად - რამდენიმე კონტაქტი, თითოეული 1 წუთი ან მეტი). ამავდროულად, თუ ორივე პირს პირბადე სწორად უკეთია (ცხვირი, პირი და ნიკაპი დაფარულია) და დისტანცირებაც დაცულია, გადადების შანსი 1%-ზე ნაკლებია. დადგენილია, რომ ინფიცირების შანსი განსაკუთრებით მაღალია დახურულ სივრცეებში - რესტორნებში, ბარებში,  ფიტნეს დარბაზებში (სადაც პირბადეს ვერ გამოვიყენებთ), განსაკუთრებით, - თუ ჰაერის განიავება არასაკმარისია, ხოლო დისტანციის დაცვა არ ხდება.

თუ ახლო კონტაქტს დაუდასტურდა კორონავირუსი და თქვენ არ იცავდით მკაცრად დისტანცირების და პირბადის ტარების წესს, ხოლო ახლა კოვიდ-ინფექციის ნიშნები გაქვთ (ცხელება, ხველება, ტკივილი გვერდში, ქოშინი, ფაღარათი, ან - განსაკუთრებით - ყნოსვის ან გემოვნების გაქრობა), ძალიან მაღალი ალბათობით, კორონავირუსი გაქვთ. ასეთ დროს, ექიმის რეკომენდაციის გარეშე, აღარ არის აუცილებელი ხანგრძლივ რიგებში დგომა ტესტის ჩასატარებლად და ინფექციის უფრო გავრცელება ან საკუთარი მდგომარეობის გართულება - დარჩით სახლში, დაიცავით მკაცრად იზოლაცია, მთავარია, დაეკონტაქტოთ თქვენს ოჯახის ან დაზღვევის ექიმს და მისი მითითებებით იმოქმედოთ.

 ჯანდაცვის სისტემის მხრიდან აუცილებელია მოხერხდეს საკომუნკაციო არხების გაუმჯობესება - ცხელი ხაზის, ინტერნეტ პორტალის, ონლაინ კლინიკასთან ხელმისაწვდომობის. ონლაინ კლინიკაში ექიმების ჩართულობა დისტანციურადაც უნდა მოხდეს.

პაციენტების დიდ უმრავლესობაში, ვინც ახერხებს პირველადი ჯანდაცვის ექიმთან დაკავშირებას, შფოთვა გაცილებით ნაკლებია, მდგომარეობის მართვაც უკეთ ხერხდება და ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობაც.

 სამწუხარო რეალობაა, რომ რაც მეტი ადამიანია დაინფიცირებული, სულ უფრო ნაკლებია ხელმისაწვდომობა სერვისებზე - იქნება ეს ტესტირება (კვალიფიცირებული ლაბორატორიები და პერსონალი შემოსაზღვრულია), ჰოსპიტალიზაცია (საწოლების გარდა უფრო დეფიციტურია კვალიფიციური პერსონალი) და სასწრაფო დახმარებაც (აქაც ისევ - მანქანების გარდა მნიშვნელოვანია პერსონალის რაოდენობა). არ დაგვავიწყდეს, რომ პერსონალის ინფიცირება სულ უფრო იზრდება, რაც ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა.

ამიტომ აუცილებელია, რომ გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და გავუფრთხილდეთ ზოგადად, ჯანდაცვის სისტემასაც - რაც უფრო ნაკლებად დავიცავთ წესებს, მით ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდება სისტემა. ხოლო თუ სისტემა კრიტიკულად გადაიტვირთა, ამას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს...“, - წერს კირტავა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner