ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება:
„უჩემოდ ვინ იმღერეთა?!
ქართული ხასიათი, მისი ზეგავლენა პოლიტიკურ ასპექტზე, ვფიქრობ არჩილ მეფემ ყველაზე უტყუარად გადმოგვცა იმ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ისტორიული გზაჯვარედინის შეფასებისას და ამ პოსტის სათაურიც, სიმბოლურად ამიტომ შევარჩიე. სწორედ ეს ამპარტავნობა თუ გნებავთ, სხვისი გაკეთებული საქმის მიუღებლობა ქცეულა საუკუნეების მანძილზე ჩვენი გაუტანლობის და ურთიერთქიშპის მწარე მაგალითადაც. ამ გაუტანლობამ და ქიშპმა ბევრიც დაგვაკარგვინა, გაცილებით წარმატებული ერი ვყოფილიყავით. წინა საუკუნეებს თავი რომ დავანებოთ, 1921 წელსაც ამის გამო დავკარგეთ დამოუკიდებლობა და 1991 წელსაც ამ ბედუკუღმართი ფენომენის გამო, მოხდა დიდწილად ეროვნული ხელისუფლების დამხობაც. ზვიადის განთავისუფლებული საქართველო, რომ არ უნდოდათ. გარე მტრებიც სწორედ ამ ხასიათის ნეგატივს იყენებდენ ისტორიულად ჩვენ წინააღმდეგ ყოველთვის!
პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ამ ფაქტორითაც შეიძლება აიხსნას, როდესაც გაყალბებაზე და პარლამენტის ბოიკოტზე ერთიანად ორკესტრირებს ის პოლიტსუბიექტებიც კი, რომლებმაც ელემენტარულად დაწესებული 1 პროცენტიანი ბარიერიც კი ვერ გადალახეს! სხვა მხრივ ცოტა გაუგებარია, ამ პოლიტიკურ ხარაკირზე რომ მიდიხარ, სააკაშვილის რა ვალი გაქვთ ასეთი?!
ამიტომაც იქცნენ ნაცმოძრაობის და სააკაშვილის მძევლებადაც და ახლა როდესაც მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას, მათგან განსხვავებით ეჭქვეშ არ აყენებს, ისეთ ჩიხში არიან შესული, საიდანაც გამოსავალს უკვე თავადაც კი ვერ პოულობენ.
რა გინდოდათ ან იმ შალიკოს ფანჩატურში, ან ახლა მისამართშეცვლილ ლელოს ოფისში? ან ვადამდელ თუ რიგგარეშეს რომ ითხოვთ, რა სტრატეგიულ თუ ტაქტიკურ ამოცანებს ახმოვანებთ?, თამაში დამთავრებულია და მარგინალიციამდეც არც ბევრი გიკლიათ... ქართული პოლიტიკური კლასი აშკარად ამორტიზირებულია, სადაც არ არის მოთხოვნა, იქ მიწოდებაც არ არის!.
როგორც ჩანს, ქვეყანა ახალ პოლიტიკურ კონფიგურაციაში შედის, სადაც ახალი აქტიორების გამოჩენა მხოლოდ დროის საკითხია.
პომპეოს ვიზიტიც ამ მწარე რეალობის კიდევ ერთი აღიარება იყო...“, - წერს ცუცქირიძე.