„ფაქტია, ჩვენ მონდომებული ვართ, გარკვეულ შედეგამდე მივიდეთ. შედეგი უნდა იყოს ის, რომ ოპოზიცია უნდა მიხვდეს, რომ პოზიცია, რომელიც პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით უჭირავს, არის მცდარი პოზიცია. იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში, ეს მოლაპარაკებები იმდაგვარად დასრულდება, რომ ოპოზიციას პარლამენტში ვიხილავთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი კახიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ საქართველოში უკვე ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც იყო კონკურენტული, თავისუფალი და დაცული იყო ყველა ფუნდამენტური უფლება. ეს შეფასება მე არ მეკუთვნის. ეს შეფასება ეკუთვნის ეუთო/ოდირი-ს წარმომადგენლებს და ზოგადად, იმ სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ამ არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. ყველა საერთაშორისო მისიამ ასეთი შეფასება გააკეთა და იგივე გაიმეორეს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებმა. მსგავსი შეფასებები გააკეთეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, მეგობარი სახელმწიფოების ელჩებმა და ა.შ. ასე რომ, ამ არჩევნების ლეგიტიმურობა საერთაშორისოდ არის აღიარებული და ამიტომ, ამ ნაწილში ყველაფერზე ვთანხმდებით. ამ ფონზე, როცა არჩევნები ლეგიტიმური იყო, თვალს ვადევნებთ ოპოზიციის მიერ მოგონილ სცენარს, ვითომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ხომ ყველა ხვდება, რომ ეს სრული აბსურდია?! საქართველოში არჩევნები 2012 წლის შემდეგ არ ყალბდება“, – განაცხადა კახიანმა.