მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში - ანალიტიკოის ამირან სალუქვაძე გარკვეულ პასუხიმსგებლობას ოპოზიციას აკისრებს. როგორც სალუქვაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, მედიკოსების მრავალი მოწოდების, რეკომენდაციის მიუხედავად, ოპოზიცია მასობრივ თავშეყრებს არ ერიდებოდა.
„დააკვირდით სტატისტიკას, 1-ელ სექტემბერს 23 შემთხვევა. ამ დროს მთელ მსოფლიოში, მ.შ. ჩვენთან, იწყება მეორე ტალღა. ყველა ქვეყანაში იწყება გარკვეული შეზღუდვები. უკვე სექტემბრის ბოლოს ბევრი ქვეყანა ალაპარაკდა სრულ ჩაკეტვაზე.
რა ხდება ჩვენთან? ჩვენთან იწყება წინასაარჩევნო პერიოდი. ხომ გახსოვთ მიტინგები, 600-კაციანი პოლიტიკური ბანკეტები მინდვრად, შეხვედრები...
ისიც ხომ გახსოვთ ზოგი რესტორნებში ატარებდა დაბოლილ შეხვედრებს?! აჯარიმებდნენ და მაინც აგრძელებდნენ... ახლა გადაახვიეთ და გაიხსენეთ გამყრელიძის, იმნაძის, ცერცვაძის და სხვების მოწოდებები: დაიცავით წესები, დაიცავით წესები, გაუფრთხილდით ექიმებს, გაუფრთხილდით ერთმანეთს, დაიცავით დისტანცია, ატარეთ პირბადე, ნუ ჩაატარებთ მასობრივ თავშეყრებს?!
ჩემი პოსტებიც მახსოვს, როცა 100-ს გადასცდა, იქნება ასეულობით შემთხვევაც და მეტიც მეთქი...
ახლა გამოდიან უტიფრად, საკუთარ წვლილს უარყოფენ. ჰო, ისიც მახსოვს, როგორ ნერვიულობდით, პირველი ტალღის დროს, პანდემიის გამო, მთავრობის მზარდი რეიტინგით.
მთავრობა სუსტად რომ მოიქცა, ფაქტია. არ უნდა დაეშვა შეკრებები, მიუხედავად წინასაარჩევნო პერიოდისა.
მეორე სისუსტეა არასათანადო საინფორმაციო მხარდაჭერა და პროფილაქტიკური ზომები. ამ სტატისტიკით წაიღეს ტვინი: ბათუმში ამდენი, ჩხოროწყუში იმდენი... ვის აინტერესებს?!
უამრავი სიუჟეტია საჭირო მძიმე ავადმყოფებზე. ამ დეტალური სტატისტიკის ნაცვლად, საინფორმაციო გამოშვებების დასაწყისში უნდა იყოს თავის დაცვის წესების განმარტება: ქუჩაში, ტრანსპორტში, თავშეყრის ადგილებში, სახლში.
მუდმივად უნდა იყოს გადაცემები, რომლებშიც ასწავლიან ხალხს სიმპტომებს, სახლში მკურნალობას და სხვა.
ჩვენთან კი უზარმაზარი საეთერო დრო იკარგება სტატისტიკის მოყოლაზე. ამ დროს ჯერ კიდევ უამრავ ადამიანს არ სჯერა კოვიდის არსეობის.
დღეს რ/მაესტროში გადაცემა ხალხის აზრში გამოკითხვა იყო, "უმკლავდება თუ არა მთავრობა პანდემიას?" როგორი პრიმიტიული კითხვაცაა, პასუხებიც ისეთივე იყო, დედის გინებებით და პოლიტიკით სავსე. მთავრობას მაინც ვურჩევ, მოისმინეთ.
ამ კითხვას რომ სვამთ, მხოლოდ ამ რადიოს არ ეხება, თავად რა გააკეთეთ?
ზოგიერთმა სომხეთი ახსენა, გავასწარითო. სომხეთში 2,7 მლნ მოსახლეა, გარდაცვლილია 2 ათასი, ჩვენთან 1000. ეს ისე. ჩემთვის ერთიც ბევრი იყო და პირველი გარდაცვლილის შემდეგ სტატისტიკას აღარ ვაქვეყნებ. უბრალოდ, ხალხს ნუ ატყუებთ.
პასუხისმგებლიანი ოპოზიცია რომ არ გვყავს, ფაქტია. თუმცა, პასუხისმგებლობას ვინ ჩივის, პირდაპირ მავნებლობაზე არიან გადასული.
როგორაა ჩინეთში? როგორც კი ახალი შემთხვევის შესახებ იგებენ, მყისიერად უმკაცრეს ზომებს იღებენ. ხალხს კი გაფრთხილებაც არ უნდათ, ორი კვირით გადადიან წესების მკაცრ დაცვაზე. ჩვენი შეგნება ჯერ შორსაა.
ბოლოს, კიდევ ერთხელ, აგერ გრაფიკი ინტერნეტიდან, გადახედეთ თარიღებს და გაანალიზეთ“, - წერს სალუქვაძე და ფოტოს აქვეყნებს.