„მიუხედავად იმისა, რომ ვემზადებოდით მეორე ტალღისთვის და ეს რეალობად იქცა, მაინც ვითარება მთელ მსოფლიოში არის ძალიან მძიმე. არაერთ ქვეყანაში გამკაცრდა ისევ რეგულაციები, ბევრგან გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობაც“ - ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ხშირად ისმის კითხვა, რატომ ვერ მოემზადა საქართველო ამ ვითარებისთვის. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ზუსტი პროგნოზი ჰქონდა. არაერთხელ გვითქვამს, რომ მოსალოდნელი მეორე ტალღა უფრო მეტ ზიანს მოგვიტანს. ახლა შევდივართ სრულ ტურბულენტურ ზონაში, პიკური ფაზა დაიწყება დეკემბრის პირველ კვირაში და შესაძლოა 2-3 კვირა გაგრძელდეს. ვფიქრობ, რომ საზოგადოების ქცევაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. ხელისუფლება რომ არ მომზადებულიყო, სიტუაცია ბევრად მძიმე იქნებოდა. დღეს 12 000 ტესტზე მეტი კეთდება დღეში, კლინიცისტებს უფრო მეტი გამოცდილება აქვთ, 60 კლინიკაზე მეტი გადამზადდა ამ მიზნით და ეს პროცესი უფრო კარგად იმართება, მაგრამ ჯანდაცვის სექტორსაც აქვს თავისი შესაძლებლობების ზედა ზღვარი და თუ წესებს არ დავიცავთ, შესაძლოა სისტემამ ამას ვერ გაუძლოს“, - განაცხადა ხუნდაძემ.