დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების გაფართოების მთავარი მიზანი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შეჩერება და ეპიდვითარების დასტაბილურებაა. საკითხზე მან საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაურბა.
„სამწუხაროდ, ფაქტია, ჯერ იმის იმედი, რომ უახლოეს დღეებში იქნება მნიშვნელოვანი კლება კორონავირუსის ახალი შემთხვევების, ასე არ არის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მატება კატასტროფული არ იყოს. აქედან გამომდინარე, იმედი იმის, რომ ცოტათი მაინც დასტაბილურდება ვითარება, უნდა გვქონდეს ათი-თოთხმეტი დღის შემდეგ. ჩვენ ძალიან ცუდი გრძელვადიანი პროგნოზები გვაქვს, ესეც შემიძლია ვთქვა, რომ არ ყოფილიყო, არ დაწესებულიყო ის შეზღუდვები, რომლებიც ხვალიდან შედის ძალაში, დაახლოებით ოთხჯერ მეტ ადამიანს დავკარგავდით გაზაფხულისთვის. რა თქმა უნდა, მსხვერპლი გარდაუვალია და ეს იქნება, მგრამ უბრალოდ მე არც მინდა ვთქვა, რადგან ადამიანებს მეტად არ შეეშინდეთ იმ რეალობის, რაც ჩვენ გველოდა რომ არ ყოფილიყო ეს შეზღუდვები. ეს არის ძალიან მძიმე ციფრები, რაც არის პროგნოზები არა მარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზებიც. აკრძალვების, შეზღუდვების გარეშე ჩვენ გველოდა კოშმარული ზამთარი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.