logo_geo
eng_logo
ემზარ კვიტაიშვილი დღეს, 85 წლის გახდა
- +

28 ნოემბერი. 2020. 02:26

 

 

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი ემზარ კვიტაიშვილი დღეს, 27 ნოემბერს, 85 წლის გახდა.

 

ემზარ კვიტაიშვილი დაიბადა თბილისში 1935 წელს. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1957 წელს „ცისკარსა“ და „პირველ სხივში“. 1963 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი კრებული - „გზაში ნათქვამი სიმღერა“. 1960-1961 მუშაობდა საქართველოს კპ ცკ-ის გამომცემლობის  რედაქტორად,  1963 წლიდან ჟურნალ „ცისკრის“ ლიტერატურულ მუშაკი იყო, ხოლო შემდეგ შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის განყოფილების მეცნიერ-მუშაკი. გამოცემული აქვს ოცამდე პოეტური კრებული, კრიტიკული წერილები და ესეისტური ლიტერატურა. აპირებს დღიურების ორტომეულის გამოცემას… პოეზიის რჩეულის შედგენასაც  გეგმავს, ოღონდ აუცილებად 1000 ლექსი უნდა დაიბეჭდოს.

 

***

 

გადამრჩენი

განახლება ძალუძს ხეს,

ტოტებდაჭრილს, შებელილს...

ლექსი არის მოქარგული

გადასაფარებელი.

იცის, როგორ დაფაროს

სიმახინჯე ყოფისა;

ლექსი ასულდგმულებდა

რუსთაველს და ოპიზარს.

მოდის ჟამთა სიავე -

მიწისძვრებად და წლებად;

ცოდვის ორომტრიალში,

ლექსი არის გაძლება.

 

***

 

დაფლეთილი სიზმარი

მომელანდა კალათები, დაორთქლილი ჟოლოთი...

არაფერი არ მენახა, ოღონდაც შენ მყოლოდი.

თითქოს ბეჭზე მჩხვლეტდა ნარი, ვიწექ მოუსვენარად,

ყოვლისფერი დამკარგოდა, ოღონდ, ოღონდ შენ – არა.

ძილიც აღარ მომეპარა, რას მიპირებს განგება,

რა ქვა ლესავს ნაღველს ჩემსას, სულ რომ არ იჟანგება?

ვლოცულობდი, წყალს ლიცლიცას შენი სახე მოქონდა...

აღარასდროს დავღონდები, შენ გაცოცხლდი ოღონდაც.

 

***

 

ოღონდ

სადმე დავითი დამანახა –

უღვთოდ ნატანჯი მამაჩემი,

ტყვიას აევსოს, დამდნარს, ხახა

თუ რამ ვინატრო დანარჩენი.

სამარედ ჩემდა – დღისით, მზისით –

ჩემივე ხელით გავთხრი სოროს,

ოღონდ შემეხოს შუბლი მისი,

გულში ჩამიკრას, მეამბოროს.

 

***

 

ედიშერ გიორგაძე დავმარხეთ

(ვერისსასაფლაო)

შენი ხიდიც ჩაიქცა,

მივადექით ყორეს...

ვტოვებთ საფლავს, მოქცეულს,

კვიპაროსებს შორის.

ფერფლად იქეც, აერიდე

ბერიკაცულ ჩარჩალს...

მკაცრი, ხმელი, დაკუთხული,

სახე შენი, დარჩა.

 

***

 

ნიკოლაძის ქუჩაზე ჩემი ნაცნობი

ვეებერთელა ალვის ხე მოჭრეს

ვაგლახ, გნახე დახერხილი, მოკლე-მოკლე მორებად,

არ მიხილავს მე შენი სასიკვდილო ზმორება.

ძლივს რომ შემოგწვდებოდა, სალტე სამი კაცისა,

მწვანედ მორთვა წაგართვეს რა სიმაღლის, რა ცისა!..

მიწამ, შავმა, თუ იგრძნო წამი იმ გაჟრჟოლების,

რა სიმწარეს ჰყვებიან შენი წლები – რგოლები.

კანი შემოგაფლითეს... ესეც გულსატკენია –

გვირგვინებად შენივე ტოტები გაფენია.

დაბნეული, ვერც იმას ვამბობ დაბეჯითებით –

მოფრენილნი, ხვალ დილით, რას იტყვიან ჩიტები.

სად წაიღე ცეცხლოვანი მზის წვენი და მზეძალა,

რა შრიალი, ბეღურებს, ფეხქვეშ გამოეცალათ.

მიგატოვა, ვინაც რო ამ სახლებს აგაცილა,

შემოგერტყნენ ტყიურნი, დაგჭრეს ნაწილ-ნაწილად.

ისიც კი არ გაღირსეს, ძირს მოგეღო ზღართანი;

მოგკლეს და თან წაიღე სიზმრები, ზღაპართანი...

წინ მინდორი არ გედო, არც მოჩანდი ბექიდან,

სულ მეგონა, წიქარას სალამური გეკიდა.

მოცელილო, გულში სხვაგვარ მწუხარებას შეიტან;

კიდევ უფრო მოწყენილი, მწყრალი ვივლი დღეიდან“.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner