„საქართველო NATO-ში ახლავე უნდა მივიწვიოთ“, - ამის შესახებ ევროპაში ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიისას განაცხადა.
ბენ ჰოჯესმა სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ სამ საკითხს, რაც, მისი აზრით, აშშ-ს შეუძლია საქართველოსთვის გააკეთოს.
„პირველი : საქართველო NATO-ში ახლავე უნდა მივიწვიოთ, ჩვენ ამის პრეცედენტი გვაქვს : დასავლეთ გერმანია NATO-ს შეუერთდა, როდესაც გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში საბჭოთა ჯარის ნაწილები იდგა. ასე რომ ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, მივიღოთ ქვეყანა მაშინაც კი, როდესაც მისი ნაწილი ოკუპირებულია“, - განაცხადა ბენ ჰოჯესმა.
მისივე თქმით, საჭიროა ისეთი სამხედრო წვრთნების დაწყება, რომელიც NATO-საქართველოს, NATO -უკრაინის, NATO -ბულგარეთის, NATO -რუმინეთისა და NATO -უნგრეთის წვრთნებს დააკავშირებს.
„ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი წვრთნა, რომელიც რუსული „კავკასია 2020“-ის მასშტაბის იქნება და რომელიც იმის დემონსტრირებას მოახდენს, რომ ჩვენ ვზრუნავთ ამ რეგიონზე“, - აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.