„დღეს, ქვეყანაში, ამ ძალიან რთულ პერიოდში ექიმები, ჩემი კოლეგები ყველაზე დასაფასებელი ადამიანები არიან. დღეს 8000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული. დაგვეღუპა რამდენიმე კოლეგა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არ შეიძლება, რომ ოჯახის ექიმმა პაციენტის ზარს არ უპასუხოს.
„არ შეიძლება, რომ ექიმმა ტელეფონს არ უპასუხოს. თუ პირმა არ იცის ოჯახის ექიმის ტელეფონის ნომერი, მაშინ არსებობს ვებ-გვერდი, სადაც შედიხარ და პირადი ნომრით შეგიძლია მოძებნო კლინიკა, სადაც ხარ რეგისტრირებული. თუ არცერთი არ პასუხობს, მაშინ არსებობს 112-ი; 1505 ცხელი ხაზი; 116001 , სადაც სპეციფიური კითხვები შემოდის, 144 - რომელთა საშუალებითაც ოჯახის ექიმთან კავშირია. მესმის, რომ გადატვირთულობის გამო პირველივე ზარზე არ უპასუხოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ექიმი აუცილებად უპასუხებს“, - განაცხადა გამყრელიძემ ,,პალიტრანიუსის" ეთერში.