„ამას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა. იქ ეწერა, რომ ნალოლიავები და გაჭირვებით გამოზრდილი ანგელოზები სიკვდილს მიჰყავს და ეს თურმე, ჩემი ბრალია. აი, ეს უწერია ერთადერთი მიზეზი და მერე ის უცენზურო და უწმაწური გამონათქვამები“, - ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში წამყვანის კითხვას - როგორ შეაფასებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ გიორგი კამკამიძის არაკორექტულ პოსტს, სადაც ავტორმა კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის პოსტიდან მისი გადაყენება მოითხოვა.
„ამას რა უნდა ვუპასუხო?! მე შემიძლია, მის პიროვნულ შეურაცხყოფას ვუპასუხო, რომ ეს ასე არ დარჩება და მას მოუწევს ძალიან მკაცრად პასუხისგება. ეს არის მხოლოდ პიროვნული დამოკიდებულება, ხოლო თვითონ ის პოსტი არანაირ პასუხს არ საჭიროებს. იმიტომ, რომ იქ საგნობრივი არაფერი წერია. ამ პოსტს არავითარი საფუძველი არ ჰქონდა; ბატონი გიორგისთვის ჩვენ არავითარი მიზეზი და უბრალოდ, პატარა საბაბიც კი არ მიგვიცია. ბოლოს თვითონ წერს, კი, მე მასთან დაპირისპირებული ვარ და ეს პოსტი ამიტომ დავწერეო“, – განაცხადა ცერცვაძემ.