logo_geo
eng_logo
თენგიზ ცერცვაძე: დღე-ღამეში გაკეთებული ტესტების რაოდენობით საქართველო უკვე გაუთანაბრდა ევროპის წამყვან ქვეყნებს
- +

8 დეკემბერი. 2020. 03:06

 

 

„დღე-ღამეში გაკეთებული ტესტების რაოდენობით საქართველო უკვე გაუთანაბრდა ევროპის წამყვან ქვეყნებს. მანამდე ვიყავით საშუალო ევროპულ დონეზე“, - ამის შესახებ ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლებია ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების შემთხვევები და ყველაფერი კეთდება რათა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი კიდევ უფრო შემცირდეს.

 

 

„ძლიერდება და ფართოვდება სასწრაფო დახმარების სამსახური, იზრდება COVID პაციენტებთან მუშაობაში ჩართული ოჯახის ექიმების, მათ შორის კერძო სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების, რაოდენობა (2 000-ზე მეტი ოჯახის ექიმი). შექმნილია 61 ე.წ. „ონლაინ კლინიკა“ (ა.წ. მარტში იყო 25), რომლებიც მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში.  ამ კლინიკებში არის 125 ბრიგადა, რომელშიც ჩართულია 756 ოჯახის ექიმი. სახელმწიფოში და სამინისტროში იქმნება ან მოდერნიზდება კრიზისული სიტუაციების უკეთესად მართვისთვის აუცილებელი სტრუქტურები. ყოველდღიურად იხვეწება COVID პაციენტების ტრიაჟის პრინციპები და ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, მაგრამ ეს ადვილი არ არის, რადგან COVID-19 იმდენად არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომ ოპტიმალური ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებიც კი ვერ იძლევა გარანტიას ზუსტად განისაზღვროს, რომელი პაციენტი შეიძლება დამძიმდეს და რომელი  - არა. საქართველოში დღემდე არავინ დაზარალებულა ხელოვნური სუნთქვის აპარატების, მედიკამენტების და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნაკლებობის გამო და ყველაფერ ამის მიღწევა ადვილი არ ყოფილა. პაციენტების კლინიკური მართვა ხდება ყველაზე მაღალი საერთაშორისო სტანდარტებით და ინოვაციური მიდგომებით, რაც, COVID შემთხვევების მკვეთრი ზრდის მიუხედავად,  განაპირობებს ევროპის ქვეყნებს შორის COVID-19-ით გარდაცვალების ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს (0,93%) და ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილი პაციენტების  ძალიან დაბალ რიცხვს  (სულ ერთეული პაციენტი), მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ასეთები ასეული და ათასებია. საქართველოში სხვა ქვეყნებთან შედარებით ასევე გაცილებით ნაკლებია ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების შემთხვევები. ამის მიუხედავად პაციენტის გარდაცვალების თითოეული შემთხვევა, განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში, უდიდესი ტრაგედიია თითოეული ჩვენგანისათვის და გვერწმუნეთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტების რიცხვი კიდევ უფრო შემცირდეს (სამწუხაროდ, ამის მთლიანად თავიდა აცილება შეუძლებელია).

სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა, რათა საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შესძლებს მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყებას, რისი მიღწევაც ჩვენი რესურსების მქონე ქვეყნისთვის ადვილი არ იყო. 

ყველაფერი ის, რაც უკვე გაკეთდა, ან კეთდება, იძლევა იმედს, რომ საქართველო შესაძლოდ მოკლე დროში და მინიმალური ადამიანური დანაკარგებით გაუმკლავდება საუკუნის უდიდეს გამოწვევას - COVID-19-ის პანდემიას",-ნათქვამია გფანცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner