„თუ ვინმეს არ უნდა, რომ მესამე ძალა არსებობდეს, ესაა „ნაციონალური მოძრაობა“, ვინაიდან ის უპრობლემოდ გადალახავს 5%-იან ბარიერს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ანალიტიკოსმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
„რაც შეეხება ცალკეული ოპოზიციონერების განცხადებებს, დღესვე მოყვა მათი „კოლეგებისგან“ უმწვავესი რეაქცია და როდესაც ჩვენ რიგგარეშე თუ ხელახალ არჩევნებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მეორე ტურები, რომლებიც ჩატარდა ქვეყანაში. ოპოზიციას რომელიმე ერთ ოლქში მაინც გამარჯვების შანსი რომ ჰქონოდა, აღარაფერს ვამბობ უკვე 17-ვე ოლქზე, რაც მათ უმრავლესობით მოიყვანდა ხელისუფლებაში. მათი უარი მეორე ტურზე ნიშნავს იმას, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა ისე, როგორც ეს პროცესი უცხოელმა პარტნიორებმა შეაფასეს. ამიტომ ეს თემა სალაპარაკო ვეღარ იქნება. გაკეთდა განცხადებები ორ საკითხზე შეთანხმების შესახებ, ეს არის საარჩევნო რეფორმის საკითხი. სტრატეგიულად რომ შევხედოთ ამას, ოპოზიციამ წააგო არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ 2021 წლის არჩევნები, სადაც პროპორციულ ნაწილში 4%-იანი ბარიერი მოქმედებს, და 2024 წლის არჩევნები, სადაც 5%-იანი ბარიერია. ის, რომ ისინი ბარიერის დაწევას ითხოვენ, არის იმის დადასტურება, რომ ისინი თავიანთ 3%-იან შედეგებს აღიარებენ. მათ იციან, რომ ვერც 4%-ს გადალახავენ ადგილობრივ არჩევნებზე და ვერც 2024 წელს მოხვდებიან პარლამენტში. ვის აწყობს ეს - მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“. თუ ვინმეს არ უნდა, რომ მესამე ძალა არსებობდეს, ესაა „ნაციონალური მოძრაობა“, ვინაიდან ის უპრობლემოდ გადალახავს 5%-იან ბარიერს. ახლა მიდის სცენარი, რომელიც არაერთხელ მოვისმინეთ მიხეილ სააკაშვილისგან და თემურ ალასანიასგან - არანაირი ლეგიტიმაცია პარლამენტს, არანაირი ლეგიტიმაცია მთავრობას. ეს არის წითელი ხაზი, რომლის იქითაც „ნაციონალური მოძრაობა“ არავის გადაუშვებს. გიორგი ვაშაძეს დღეს წამოსცდა ფრაზა, რომ ორპოლუსიანობის დასრულება სურს, ამიტომ ეს მიმართულება შეიძლება ძალიან პერსპექტიული იყოს“, - განაცხადა ბოჟაძემ.