უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის „საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის პროგრამის“ მიღებას გმობს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ აღიარებს ამ „პროგრამის“ მიღებას და მსგავს ქმედებებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მორიგ მცდელობად აფასებს. რუსეთის ფედერაცია განაგრძობს აგრესიას მეზობელი სახელმწიფოების მიმართ და მათი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაციას, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს, თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად ძირს უთხრის საერთაშორისო და რეგიონალურ უსაფრთხოებას. რუსეთის ფედერაციის ეს ქმედებები უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად აფერხებს გაეროს გენერალური ასამბლეის 2008-2020 წლებში მიღებული რეზოლუციების შესრულებას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ. უკრაინა თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უნდა შეაჩეროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების უკანონო ანექსიის პროცესი და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები“, - წერია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.