„დღეს საღამოს ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა თავისი შესწორებული ანგარიში, რითაც დადგინდა, რომ ცესკო-ს შედეგები სინამდვილეში თანხვედრაშია ISFED-ის პარალელური ხმის დათვლის მონაცემებთან. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი ყველა ჯანსაღი ოპოზიციური პარტიისთვის, გამოვიდნენ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შექმნილი ჩიხიდან და შეუდგნენ ამომრჩევლისგან დაკისრებული ვალდებულების შესრულებას”, - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც ეხმაურება „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებს.
ჩვენ გვინდა პოლიტიკა ვაკეთოთ ისეთ პარტიებთან, რომლებიც არ არიან პოლიტიკური მძევლები და გააჩნიათ თავისი ჩამოყალიბებული პოზიცია.
მოგიწოდებთ, ადეკვატურად შევაფასოთ მოცემული რეალობა – ჩვენ ყველამ, მიღებული მანდატების რაოდენობის მიუხედავად, გავიმარჯვეთ, გვაქვს მრავალფეროვანი პარლამენტი!
მოლაპარაკებებიც უნდა გაგრძელდეს, საარჩევნო რეფორმაზე ერთობლივი მუშაობაც და ყველაფერი ის, რისი მოლოდინიც ჩვენგან ამომრჩეველს აქვს“, – წერს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, „სამართლიანი არჩევნებმა“ დღეს საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, დადგენილი სხვაობა გავლენას არ ახდენს არც ერთი საარჩევნო სუბიექტის მანდატების რაოდენობაზე.