ეკონომიკის ანალიტიკოსი, შოთა გულბანი სოციალურ ქსელში ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას პრეზენტაციას 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.
„თუ ავიღებთ პანდემიამდელ პერიოდს, ქვეყანამ მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით 2019 წელი საკმაოდ წარმატებულად დახურა. მშპ გაიზარდა 5%-ით, საქონლის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს 3.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, საიდანაც წმინდა ექსპორტი სტაბილურად მზარდი დინამიკით ხასიათდება. რეკორდულად შემცირდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ მშპ-სთან მიმართებით 7% შეადგინა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია მსოფლიოში. ქვეყანამ გაიუმჯობესა საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგები და პოზიციები, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი ბიზნესის საკეთებლად,“ - აღნიშნავს შოთა გულბანი.
მისი შეფასებით, ყოველივე ეს საფუძველი გახდა იმისა, რომ კრიზისულ პერიოდში მთავრობამ სწრაფ ტემპში შეძლო საგარეო მხარდაჭერის მობილიზება.
„არცერთი პასუხისმგებლიანი მთავრობა არ იტყვის უარს კრიზისულ პერიოდში მოსახლეობის სოციალურ მხარდაჭერაზე. შესაბამისად გაგრძელდება, როგორც 200 ლარიანი 6 თვიანი დახმარება, ისე 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაციები თვითდასაქმებულთათვის. საგადასახადო შეღავათები ბიზნესისთვის და კომუნალურების სუბსიდირება.
იმისათვის, რომ კრიზისიდან გამოსვლის პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს, საქართველოს ხელისუფლებამ გაათმაგებული აქცენტით უნდა იმუშაოს უცხოელი ინვესტორების დაინტერესებაზე. ამ მხრივ დამაიმედებელი სიგნალია საქართველოში საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური IT კომპანიების გამოჩენა: კომპანია EPAM Systems და კომპანია Exadel. მათი ოპერირება ჩვენს ქვეყანაში არ გულისხმობს მხოლოდ გარკვეული ოდენობის თანხების ინვესტირებას, არამედ მათი ნოუ ჰაუს და გამოცდილების გაზიარებას, ადგილობრივი მაღალანაზღაურებადი კადრების გადამზადებას და სხვა საერთაშორისო ინვესტორებისთვის სტიმულის მიცემას, რომ ჩვენს ბაზარზე შემოსვლა და აქედან საერთაშორისო ბიზნესის კეთება, მიმზიდველია,“ -აცხადებს ანალიტიკოსი.
ნათია თურნავამ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა.