logo_geo
eng_logo
ზვიად კირტავა: ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს წინასაახალწლოდ შეზღუდვების მოხსნის მასშტაბებზე
- +

15 დეკემბერი. 2020. 02:46

 

 

„ჩვენც ძალიან დიდი დაფიქრება გვმართებს წინასაახალწლოდ შეზღუდვების მოხსნის მასშტაბებზე და ტემპებზე... მით უფრო, რომ სიკვდილობის კი არა, ჯერ ინფიცირების ტემპის კლების ტენდენციაც არ გამოკვეთილა“, - ამის შესახებ  ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევარი, შინაგან სნეულებათა პროფესორი ზვიად კირტავა სოციალურ ქსელში წერს.

 

 

“გერმანია 16 დეკემბრიდან უფრო მკაცრ ლოქდაუნზე გადადის და შობა-ახალ წელსაც ლოქდაუნის პირობებში შეხვდება. იხურება მაღაზიები, სკოლები, დღის მოვლის ცენტრები, სილამაზის სალონები, სამსახურებს სთხოვეს შვებულებაში გაუშვან მოსამსახურეები. შეხვედრების ლიმიტი - 5 ადამიანი. გამონაკლისი არ იქნება დაშვებული არც შობა-ახალი წლის დღესასწაულებზე. მედიაში ამას უკვე უწოდეს "ჩუმი ღამეები" - შობა განსაკუთრებული პერიოდია გერმანიაში - საშობაო ბაზრობების, ხმაურიანი საოჯახო თუ სხვა თავყრილობების პერიოდი... გერმანული ბიზნესისთვის ეს მძიმე დარტყმა იქნება.

მიზეზი -  ინფიცირების ტემპის შემცირება ვერ მოხერხდა, სახეზეა  სიკვდილობის მზარდი მაჩვენებელი.

განსხვავებით მეზობელი ქვეყნებისაგან, გერმანიამ ნოემბრის დასაწყისში "რბილი" ლოქდაუნი გამოაცხადა. თუმცა სიკვდილობის მაჩვენებლის მრუდი აშკარად აჩვენებს, რომ განსხვავებით პანდემიის პირველი ტალღისაგან, როდესაც ქვეყანამ ყველაზე უკეთ გადაიტანა კორონავირუსის შეტევა, ახლა შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენეს გაზაფხულზე უფრო დაზარალებულმა ქვეყნებმა (საფრანგეთი, ბრიტანეთი, ბელგია, იტალია), რომლებმაც  თავიდანვე მკაცრი შეზღუდვები დააწესეს და უკვე როგორც ინფიცირების, ასევე სიკვდილობის მაჩვენებლის შემცირებას ტენდენცია დააფიქსირეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ განსხვავებით გაზაფხულისაგან, ახლა გერმანიაში მრავალი საპროტესტო მიტინგი მოეწყო შეზღუდვების წინააღმდეგ. 

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გერმანიის კანცლერს არც აქვს მთელ ქვეყანაში ერთიანი შეზღუდვების დაწესების უფლება, ამაზე ფედერალური მიწების მთავრობების თანხმობაა საჭირო

კიდევ ერთი მაგალითი, რომ წარსული წარმატება ავტომატურად არ მეორდება...

აქვე უნდა დავამატოთ, რომ გერმანია სულაც არ არის სიკვდილობის მაჩვენებლით ევროპაში ლიდერი - მე-20 ადგილზეა. უბრალოდ, ანგელა მერკელი წინდახედული პოლიტიკოსია და კარგად ხვდება, რომ რადგან სიკვდილობის მზარდი ტენდენციის გადატეხა დღესასწაულებამდე ვერ მოხერხდება, შობის პერიოდში მობილობის კიდევ უფრო გაზრდა რა სერიოზულ საფრთხედ შეიძლება იქცეს.

ჩვენც ძალიან დაფიქრება გვმართებს წინასაახალწლოდ შეზღუდვების მოხსნის მასშტაბებზე და ტემპებზე... მით უფრო, რომ სიკვდილობის კი არა, ჯერ ინფიცირების ტემპის კლების ტენდენციაც არ გამოკვეთილა“, - წერს კირტავა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner