„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით, უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც განმარტა, თუ რატომ განახორციელა თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში შენობების დემონტაჟი.
„თბილისის მერია შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ორივე ქმედება, მიწის დატაცება და უკანონო მშენებლობა კანონით დასჯადია, თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ არცერთ გაფრთხილებას და ამ უკანონო ქმედებებს აგრძელებენ.
სახელმწიფოს მიწების მიტაცება არათუ დანაშაულად ითვლება, პირიქით, ეს ადამიანები პრეტენზიას უყენებენ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვიწევს ამ მშენებლობების დემონტაჟი, რადგან პროცესის სხვაგვარად შეჩერება შეუძლებელია“,-განაცხადა კალაძემ.