logo_geo
eng_logo
აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციიდან ირაკლი ჩავლეიშვილი შევა
- +

15 დეკემბერი. 2020. 23:47

 

 

„მეგობრებთან ხანგრძლივი განსჯის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას" პარტიული სიის მე-6 ნომერი, ირაკლი ჩავლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, იძულებულია „რესპუბლიკური პარტიის“ წევრობა შეიჩეროს.

 

„1990 წლიდან მოყოლებული, ვიყავი როგორც აჭარის, ასევე ქალაქ ბათუმის სამი მოწვევის დეპუტატი. ამ ხნის განმავლობაში, ყოველ ჯერზე გაყალბებული არჩევნების შედეგად, ხშირად მარტო მიწევდა ოპოზიციურ ფლანგზე მოღვაწეობა. მომავალშიც ასე ვაპირებ.

 

სამწუხაროდ, ჩემი და „საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ დამოკიდებულება, უმაღლესი საბჭოს ბოიკოტირებასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავდება. ვფიქრობ, დეპუტატის ადგილი პარლამენტშია. ასევე, თანავუგრძნობ მომიტინგეებს ქუჩაში, სადაც ჩემი პოლიტიკური ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი გამიტარებია.

 

დასავლური პოლიტიკური ფასეულობები ჩემი პოლიტიკური ცხოვრების ქვაკუთხედია. ამიტომაც, ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ევროკავშირის და აშშ-ის ელჩების დაუმსახურებელი და დაუფიქრებელი კრიტიკა.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იძულებული ვარ, შევაჩერო „საქართველოს რესპუბლიკურ პარტიაში“ ჩემი წევრობა.

 

ვრჩები ოპტიმისტად და იმედს ვიტოვებ, რომ დადგება ის დროც, როდესაც საქართველოში პატივი მიეგება ერთი ადამიანის განსხვავებულ აზრს!

 

დროა ყველაზე კარგი მსაჯული და იმედია, გამოაჩენს, ვისი პოზიციაა ჩვენს შორის სწორი.

 

ამ თემასთან დაკავშირებით მედიასთან დამატებითი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ", - წერს ირაკლი ჩავლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner