„ქართული ოცნების“ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ამნისტიის შესახებ“ კანონი არ შეეხება არც ერთს იმ პატიმრებიდან, რომლებსაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებს უწოდებს და მათ გათავისუფლებას ითხოვს.
მისივე თქმით, „ამნისტიის შესახებ“ კანონის ინიცირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებული არ არის და მეტიც, „ქართული ოცნება“ პრინციპულად არ განიხილავს პატიმრების საკითხს.
„ამნისტიას რაც შეეხება, ეს კავშირში არ არის მოლაპარაკებებთან გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰქონდათ დაყენებული 5 პატიმრის საკითხი და უწოდებენ მათ პოლიტპატიმრებს. აქედან ორი გათავისუფლებულია გირაოს ქვეშ. რაც შეეხება ზოგადად ხუთივეს, არც ერთ მათგანს ამნისტია არ ეხება. აქედან გამომდინარე კავშირში არ არის. ამნისტია არცერთს არ ეხება მუხლობრივად. ჩვენ გვქონდა სიღრმისეული კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით, თითოეული მუხლი იყო პრინციპულად გავლილი და არც ერთი მუხლი ამ ამნისტიის კანონს არ დაემატება.
ჩვენ ამ მოლაპარაკებების ფარგლებში, პრინციპულად არ განვიხილავთ ამ საკითხს გამომდინარე იქიდან, რომ პირველი- საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. მეორე- საინტერესო იყო კიდევ, რომ თვითონ დააყენეს ეს საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან და მერე თვითონ გამოვიდნენ და მათივე დაყენებული ინიციატივის გამო, ელჩებს გვარამიამ ტყვეებით მოვაჭრეები უწოდა. შენ თვითონ რომ აყენებ ამ საკითხს და მერე ტყვეებით ვაჭრობას რომ უწოდებ იმას, რაც იქ განიხილება, ეს უკვე გასაგებია“, - განაცხადა კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება მოხდა.